"ენგურჰესზე" ზიპლაინის გახსნის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. როგორც შპს "ენგური ატრაქციის" დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე "ენგურჰესს" არაერთი სტუმარი ეწვია.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტორთა შორის არიან როგორც ადგილობრივები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
"15 ივლისს გაიხსნა ზიპლაინი. სოციალურ ქსელებში ძალიან სწრაფად გავრცელდა აღნიშნულზე ინფორმაცია, რამაც, რა თქმა უნდა, წაახალისა ინტერესი. ყველაფერმა ერთად კარგად იმუშავა და დღეს ზიპლაინი საკმაოდ მაღალი დატვირთვით მუშაობს. გახსნის დღიდან 500-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა ზიპლაინით.
რაც შეეხება სხვა ატრაქციებს - გალერეას, დემოლოგიის სივრცეს და ა.შ. როდესაც ზიპლაინზე მოდის ვიზიტორი აღნიშნულ სივრცეებსაც სტუმრობს. ეს არის საუკეთესო მაგალითი კერძო და სახელმწიფო ინვესტიციის თანამშრომლობის როგორიც ზიპლაინია. სწორედ ეს თანამშრომლობის მაგალითია გადასაღები სხვა მიმართულებებითაც", - აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.
მანვე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციას მომავალ თვეებში კიდევ უფრო მეტი ვიზიტორის სტუმრობის მოლოდინი აქვს.
ცნობისთვის, ენგურჰესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა და მის ტურისტულ ატრაქციად ქცევასთან დაკავშირებით საუბარი უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. საქართველოში სიმაღლის თვალსაზრისით, ამ მასშტაბის ზიპლაინი არ არის და მისი სიმაღლე 320 მეტრი, ხოლო სიგრძე - 628 მეტრია.