logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"დაშბაშის კანიონის მიმდებარედ ინვესტორების ინტერესი იზრდება" - ეკა თორდია

კომპანია KASS GROUP-ის გენერალური დირექტორის, ეკა თორდიას ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში დაშბაშის კანიონზე შექმნილი ეკოტურისტული პროექტის მიმდებარე ტერიტორიების მიმართ ინვესტორების ინტერესი იზრდება.

როგორც ეკა თორდია გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნავს, პროექტის მიმდებარედ უკვე არაერთი ტურისტული ობიექტი აშენდა.

"ჩვენს მიმდებარედ ძალიან საინტერესო ადგილებია. უკვე არიან ინვესტორები, რომლებიც აქტიურად ინტერესდებიან ჩვენი ლოკაციის მიმდებარედ ინვესტიციების განხორციელებით. ვფიქრობ, ერთობლივ კომუნიკაციაში, როგორც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, ასევე კერძოს სექტორი ჩაერთვება - ჩვენ უზრუნველყოფთ, რომ რეგიონში ჩვენი ტურისტული ობიექტი უფრო ცნობადი გახდეს. წალკაში განხორციელებულმა ინვესტიციამ ნამდვილად გაამართლა. კიდევ უფრო პოზიტიური მოლოდინი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი სტუმარი გვეწვევა. მაგალითად, ბირთვისის კანიონზე უკვე განხორციელდა ინვესტიცია, მიმდებარე ტერიტორიებზე კი მიწის ნაკვეთები შეიძინეს. ასევე, ჩვენს სიახლოვეს აშენდა ტურისტული ობიექტები: რესტორანი და კოტეჯები. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ინტერესი მაღალია და რეგიონს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს", - აცხადებს ეკა თორდია.

ცნობისთვის, KASS LAND რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელს თანმდევი ბილიკებით, უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით, "ბაიკ ზიპლაინს" გიგანტურ საქანელას, ღია "გარდენსსა" და დახურულ "დაიმონდ" რესტორანს, ასევე სასტუმროს. 

რაც შეეხება ატრაქციონების პარკს - ეს მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ "კარტინგს" უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.

KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს.  დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.

გამოგვყევით