logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა

ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა

1793442960

„საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე შენარჩუნება, ხოლო პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის მნიშვნელოვანი აღიარებაა. სარეიტინგო კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ ზრდაზე და აღნიშნავს, რომ მათი დაგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის სწორმა პოლიტიკამ განაპირობა. ამასთან, Fitch დადებითად აფასებს ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებას, დედოლარიზაციის ტენდენციასა და საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

Fitch-ის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს – 8.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2025 წლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 2 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

სარეიტინგო კომპანია რეზერვების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას, კაპიტალის შემოდინებას, ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკასა და ნდობის გაუმჯობესებას ასახელებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ნდობის ზრდამ ადგილობრივი რეზიდენტების მხრიდან ლარში დენომინირებულ აქტივებზე მოთხოვნის ზრდასაც შეუწყო ხელი.

Fitch დადებითად აფასებს საგარეო სექტორში მიმდინარე ტენდენციებსაც. კომპანიის შეფასებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია 2026 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდა, რაც ქვეყნის საგარეო მოწყვლადობის შემცირებას უწყობს ხელს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობას. Fitch-ის შეფასებით, ძლიერი ეკონომიკური ზრდა დადებითად აისახება სექტორის ფინანსურ მაჩვენებლებზე. 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საბანკო სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23.2%-ს, პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 17.6%-ს, ხოლო უმოქმედო სესხების წილი 2.5%-ს შეადგენდა.

Fitch Ratings-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი შენარჩუნდება და 2026 წელს 7.5%-ს მიაღწევს. 2027-2028 წლებში კი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება და საშუალოვადიან პოტენციურ დონეს – 5%-ს დაუახლოვდება.

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს თურქეთის ტყის ინჟინერთა პალატის დელეგაცია ეწვია

გამოგვყევით