“საქართველოს ინოვაციების ჰაბი სან-ფრანცისკოში წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც საქართველოსა და სილიკონ ველის ინოვაციურ ეკოსისტემებს დააკავშირებს”. – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალური გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
GITA-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ინოვაციების ჰაბის შექმნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სააგენტოს მიზანია, რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ ქართველ მეწარმეებს, მკვლევარებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს, რათა ისინი წარმატებით ინტეგრირდნენ გლობალურ ეკონომიკაში.
“ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ.” - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, საქართველოს გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში ლევან ყულიჯანიშვილმა, სან-ფრანცისკოს მერმა დენიელ ლურიმ, გლობალური სტარტაპ აქსელერატორის Plug and Play-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა საიდ ამიდიმ და Owl Ventures-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ამიტ პატელმა.
BRID.GE წარმოადგენს საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველ ქართულ ინოვაციების ჰაბს, რომელიც ქართველი სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის, გლობალურ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან პირდაპირი წვდომის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.