logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

USA2Georgia-ს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლა დაევალა – კომპანიას AI-ის გამო მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინდა

USA2Georgia-ს სავაჭრო პოლიტიკის შეცვლა დაევალა – კომპანიას AI-ის გამო მომხმარებლის უფლებების დარღვევა დაუდგინდა

1785308598

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სს „თითიელ აშშ ჯგუფის“ (USA2Georgia) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

საქმე ეხებოდა საზღვარგარეთიდან ამანათების ტრანსპორტირების მომსახურებას. მომხმარებლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამანათების ტრანსპორტირებისა და ლოქერში განთავსების საფასური სრულად ჰქონდა გადახდილი, ამანათების მიღებას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებელი კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღებასა და პრობლემის მოგვარებას ცდილობდა, თუმცა მას მხოლოდ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ასისტენტი პასუხობდა, რომელიც განმეორებით აწვდიდა ერთსა და იმავე ავტომატიზებულ პასუხს. ამასთან, სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მომხმარებლის საკითხის ინდივიდუალურ განხილვას და მას არც კომპანიის წარმომადგენელთან აკავშირებდა. 

GCCA-ის განმარტებით, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს მომხმარებლის წინაშე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისგან. მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს შეუქმნას კომპანიასთან ეფექტიანი და შეუფერხებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა.
ამასთან, სააგენტოს შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა არ უნდა წარმოადგენდეს მომხმარებელთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას იმ შემთხვევაში, როდესაც მომხმარებელი ვერ იღებს მის საკითხზე კონკრეტულ პასუხს და ვერ უკავშირდება კომპანიის წარმომადგენელს. მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს მისი დაკავშირება რეალურ წარმომადგენელთან, რომელიც საკითხს ინდივიდუალურად და კომპეტენტურად განიხილავს.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, სს „თითიელ აშშ ჯგუფს“ დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს.

კანონის თანახმად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის არაუმეტეს 2 პროცენტის ოდენობით. 12 თვის განმავლობაში განმეორებითი დარღვევა დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას გამოიწვევს.

გამოგვყევით