წესებზე დაფუძნებული საქმიანობა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, -ამის შესახებ ქართული სერვისისა და მომსახურების მიმწოდებელი კომპანია "ბორანის" თანადამფუძნებელმა კოტე ქიტიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, რითაც მცურავი საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის საკითხს გამოეხმაურა.
მისივე ინფორმაციით, კომპანია "ბორანმა" მცურავი საშუალებები უკვე დაარეგისტრირა და ტექნიკური ინსპექტირებაც გაიარა.
"მოწესრიგებულ გარემოში მუშაობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის უკეთესია. შესაბამისად, თუ საკანონმდებლო ბაზაც იქნება გამართული და აღსრულებაც შესაბამისი, რა თქმა უნდა, უმჯობესია. წინა თვეში გავიარეთ აღნიშნული პროცესი. ჩვენი კაპიტნებიც სერტიფიცირებულები არიან და ყველაფერი აბსოლუტურად კანონთან შესაბამისობაში გვაქვს.
აღნიშნული აბსოლუტურად სტანდარტული პროცესია და არანაირ ბიუროკრატიულ შეფერხებებს არ ვაწყდებით. აფიქსირებ განაცხადს, მოდიან ტექ. ინსპექტირების სამსახურიდან ამოწმებენ ინფრასტრუქტურას. თუ შენიშვნები არსებობს, გაძლევენ მითითებებს თუ რა უნდა იქნეს გამოსწორებული", - აცხადებს კოტე ქიტიაშვილი.
ცნობისთვის, "ბორანი" მტკვარზე 2015 წელს გამოჩნდა და ამ ეტაპზე 1 ბორანი და 2 კატამარანი ჰყავს. თუმცა კომპანია სამომავლოდ მცურავი საშუალებების დამატებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება, რისი მიზანიც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტებისა და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასევე შემთხვევების პრევენციაა.
აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.