როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორებისთვის ჩვენი ქვეყანა საინტერესო მიმართულებად რჩება. ვხედავთ, რამდენი ახალი ობიექტი ემატება ბაზარს და რამდენი საერთაშორისო სასტუმროს ბრენდი შემოდის საქართველოში - განაცხადა HSC Group Hospitality-ის დირექტორმა “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში.
გიორგი დოლიძის თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ლუქს-კლასის (Luxury) ბრენდი გამოჩნდება, რაც მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოზიდვას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.
"აქტიურად მიმდინარეობს ინვესტიციების განხორციელება როგორც თბილისში, ისე ბათუმში. ამასთანავე, იზრდება ინტერესი და გასააქტიურებელია სვანეთისა და რაჭის მიმართულება, რადგან ამ რეგიონებში ჯერ კიდევ შეინიშნება საშუალო და მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების დეფიციტი. მსგავსი პროექტები კი უფრო მეტად შეუწყობს ხელს ამ ლოკაციების პოპულარიზაციას, მათ ბრენდინგს და არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც საბოლოოდ ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებასა და ზრდას დაეხმარება,"- აღნიშნა გიორგი დოლიძემ.