აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში აცხადებს, რომ რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და აჭარაში გზები უკვე ყველა ძირითად სოფელს უკავშირდება.
„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ვიყოთ ოთხივე სეზონის წამყვანი ტურისტული მიმართულება, ეს მოიაზრებს ყველა იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლებიც გააჩნიათ კონკრეტულ ქალაქებსა, თუ მუნიციპალიტეტებს. ამისთვის ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. რა თქმა უნდა, გაზრდილ ტურისტულ ვიზიტებს თან ახლავს რიგი გამოწვევები, თუმცა მათზე ჩვენ კერძო სექტორთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ“, - აღნიშნავს თინათინ ზოიძე.
მისივე განმარტებით, რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარება გარკვეულ პროცესს მოიაზრებს.
„არის ბევრი საკითხი, რომლებზეც წლებით მუშაობა არის საჭირო. თუმცა, ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აჭარის რეგიონში ტურიზმის სექტორი აქტიურად ვითარდება. მაგალითისთვის, სერვისის გაუმჯობესების კუთხით გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატება. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას - კურორტებამდე მისასვლელი გზების დიდი ნაწილები უკვე მოწესრიგებულია. აჭარაში გზები უკვე ყველა ძირითად სოფელს უკავშირდება. ვმუშაობთ, რომ საბაზისო ინფრასტრუქტურა ყველგან იყოს მოწესრიგებული“, - განაცხადა თინათინ ზოიძემ.
ცნობისთვის, 20-21 ივნისს, ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეეძლებათ.