კომპანია KASS GROUP-ის გენერალური დირექტორის, ეკა თორდიას ინფორმაციით, წალკის მუნიციპალიტეტში დაშბაშის კანიონზე შექმნილ ეკო ტურისტულ პროექტს გრანდიოზული ბატუტების პარკი ემატება.
როგორც ეკა თორდია გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნავს, პატუტების პარკი 2 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.
"ზაფხული საკმაოდ პოზიტიურად დაიწყო - ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. ჩვენ გვაქვს სპა, აუზი, საკონფერენციო სივრცე - საქმიანი ტურიზმი წელს საკმაოდ აქტიურია. წელს ობიექტს გრანდიოზულ ბატუტების პარკს ვამატებთ, რომელიც განთავსებული იქნება 2000 კვადრატულ მეტრზე და ბავშვებს დაუვიწყარ ემოციებს ვაჩუქებთ. უკვე იცით, რომ ერთ-ერთ ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილი კარტინგი გვაქვს. მოთხოვნიდან გამომდინარე ახალი მანქანები ჩამოვიყვანეთ, ასევე გარე აუზსაც ვხსნით. ბატუტების პარკი კი სრულყოფილად შექმნის დასვენების, გართობის შესაძლებლობას", - აცხადებს ეკა თორდია.
ცნობისთვის, KASS LAND რეზორტი მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, კანიონში ჩასასვლელს თანმდევი ბილიკებით, უნიკალურ შუშის ხიდს, შუაში დაკიდებული ბრილიანტის ფორმის ბარით, "ბაიკ ზიპლაინს" გიგანტურ საქანელას, ღია "გარდენსსა" და დახურულ "დაიმონდ" რესტორანს, ასევე სასტუმროს.
რაც შეეხება ატრაქციონების პარკს - ეს მოიცავს 30 მეტრზე მოწყობილ წყლის ატრაქციას, გიგანტურ სასრიალო ცისარტყელას, თოკების ლაბირინთს, აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე გრძელ ტრასაზე მოწყობილ "კარტინგს" უფროსებისთვის და ბავშვებისთვის.
KASS GROUP საქართველოში ტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებით მსხვილ ინვესტიციებს 2016 წლიდან ახორციელებს. დღემდე, KASS ჯგუფის ინვესტიციამ საქართველოში 200 მილიონ ლარს გადააჭარბა.