ხელნაკეთი შოკოლადის კომპანიამ "შოკოტელამ" ნაყინის წარმოება დაიწყო.
როგორც "შოკოტელას" დამფუძნებელმა მარიამ კაპანაძემ "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას აღნიშნა, ზაფხულში შოკოლადზე მოთხოვნა მცირდება და კომპანიამ სწორედ ამიტომ მომხმარებლებისთვის ცივი დესერტის შეთვაზება გადაწყვიტა.
მისივე ინფორმაციით, ახალი პროდუქტი ბაზარზე 1-ელი ივნისიდან გამოჩნდა და ამჟამად, მომხმარებლებს ნაყინის შეძენა 2 ფილიალში შეუძლიათ.
"ამ ეტაპზე 4 დასახელების ნაყინი გვაქვს. ყველა არის დესერტული სახის, რომელიც ჩვენივე გემოებზეა აწყობილი და ყველაფერი არის ხელნაკეთი, როგორც სხვა დანარჩენი პროდუქტი. კერძოდ, გვაქვს დუბაის ფისტის ნაყინი, ქოქოსი და ნუში, შოკოლადის ბრაუნი და თაფლისა და კარამელის კომბინაცია. ნაყინის შეძენა მომხმარებლებს ბარნოვის და ძალიან მალე ვაჟას ფილიალშიც შეეძლებათ. რაც შეეხება ონლაინ შეძენას - ეს დამოკიდებულია მისამართზე. ახლომდებარე მისამართებზე გაგზავნაც შეგვიძლია.
ჯერჯერობით ახალი პროდუქტია, თუმცა შეფასებები საკმაოდ კარგია. ვინც, ერთხელ გასინჯა აუცილებლად უკან გვიბრუნდება. აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის 20 000 ევრომდე ინვესტიცია განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ახალი დანადგარები შევიძინეთ. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ ასორტიმენტის ზრდას და სხვადასხვა გემოს დამატებას", - აცხადებს მარიამ კაპანაძე.
ცნობისთვის, „შოკოტელა“ ხელნაკეთი შოკოლადის წარმოებისთვის ნედლეულად უმაღლესი ხარისხის ბელგიურ შოკოლადს იყენებს. კომპანია საფირმო მაღაზიასა და საწარმოს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ფლობს, ხოლო ფილიალები ვაჟა-ფშაველაზე და ასევე, "გალერია თბილისში" აქვს.