კომპანია "აპისახლის" დამფუძნებლის, მარიამ კილაძის ინფორმაციით, თაფლზე მოთხოვნა გაზრდილია, ხოლო მომხმარებელთა რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით 20-30%-ით მატულობს.
როგორც მარიამ კილაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ზრდის ტენდენციას მუდმივი ბაზრის კვლევა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქციის შეთავაზება განაპირობებს. კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, ბიზნეს ობიექტზე სართიჭალაში ეკო-ტურებიც აქვს, სადაც მეფუტკრეობის მიმართ დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება.
"მეფუტკრეობით დაინტერესებული ადამიანების უმეტესობა თბილისიდან არიან, თუმცა მეურნეობას ხშირად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორებიც, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან, ასევე ხშირია სკოლის მოსწავლეების ჩართულობაც. 12 წელია მეფუტკრეობაში ვარ. ამჟამად 200 ფუტკრის ოჯახი მყავს, საიდანაც 50 სართიჭალაში მყავს განთავსებული, დანარჩენი კი დასავლეთ საქართველოში. ვაწარმოებ 4 სახეობის თაფლს - აკაციის, ცაცხვის, წაბლის და მინდვრის თაფლს. ასევე, სხვადასხვა სახეობის თაფლის ნაზავს ვამზადებ და ასორტიმენტის გაფართოებაზე მუდმივად ვმუშაობ. წელიწადში საშუალოდ 2-3 ტონა თაფლს ვიღებ, აღნიშნული მაჩვენებელი სეზონზეა დამოკიდებული", - აცხადებს მარიამ კილაძე.
მარიამ კილაძე პროდუქციის რეალიზაციაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამჟამად, გაყიდვები სოციალური ქსელების საშუალებით აქვს, თუმცა დაახლოებით ერთ წელში, თბილისში ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს. როგორც მეფუტკრე განმარტავს, ბიზნეს ობიექტი უკვე შეძენილი აქვს, ხოლო ახლა სარემონტო სამუშაოებია ჩასატარებელი.
"მოთხოვნა დიდია და მინდა, ადეკვატურად ვუპასუხო. მეფუტკრეობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სანდოობა, მაღალი ხარისხი და ასორტიმენტის მრავალფეროვნებაა. თბილისში ფართი უკვე მაქვს. ამასთან, სართიჭალაში მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში სადემონსტრაციო მეფუტკრეობის სივრცის მოწყობას ვაპირებ, რადგან ადგილზე ვიზიტორები ხშირად ჩამოდიან. პროექტის საინვესტიციო ღირებულების დაკონკრეტება ახლა არ მინდა... ამ ეტაპზე ექსპორტზე გასვლას არ ვგეგმავ, რადგან პრიორიტეტად ადგილობრივი ბაზრის განვითარებასა და ბრენდული მაღაზიის გახსნას მივიჩნევ", - აღნიშნავს მარიამ კილაძე.
კომპანია "აპისახლის" დამფუძნებელი სექტორში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მეფუტკრეობის მიმართ დაინტერესება ახალგაზრდებში მატულობს, სექტორის მთავარ გამოწვევად კადრების დეფიციტი რჩება.
"ასევე საქართველოში არსებული ლაბორატორიები ყოველთვის ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის ყველა მაჩვენებლის სრულყოფილად განსაზღვრას, რის გამოც საჭიროა ხდება ნიმუშების უცხოეთში გაგზავნა, რაც ცხადია პრობლემაა", - ამბობს მარიამ კილაძე.
ცნობისთვის, კომპანია გარდაბნის მუნიციპალიტეტში სართიჭალაში მდებარეობს და 4 სახეობის თაფლს: აკაციის, ცაცხვის, წაბლის და მინდვრის თაფლს აწარმოებს.