შინაური ცხოველების მოვლის სერვისების ქართული პლატფორმა Tati სწრაფ ზრდას აგრძელებს. კომპანიას უკვე 20 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, ხოლო ვეტკლინიკებისთვის შექმნილ ახალ პროგრამულ სისტემას დაახლოებით, 10 კლინიკა იყენებს.
როგორც სტარტაპის თანადამფუძნებელი ბესიკ ექსეულიძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, კომპანია ეტაპობრივად "სუპერ აპის" მიმართულებით ვითარდება და აქტიურად ამატებს AI-ზე დაფუძნებულ ფუნქციებს როგორც მომხმარებლებისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის.
"სერვისებზე მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება და განსაკუთრებით მაღალია აქტივობა შინაური ცხოველების პატრონებისგან, ასევე ბიზნესების მხრიდან. წინა წელთან შედარებით მომხმარებლების რაოდენობა და პლატფორმის აქტივობა დაახლოებით 3-ჯერ არის გაზრდილი, რაც გვაჩვენებს, რომ საქართველოში შინაურ ცხოველებზე ზრუნვა სწრაფად ვითარდება და ციფრულ სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად მატულობს.
რამდენიმე თვის წინ, ვეტკლინიკებისთვის სრულიად ახალი პროგრამა გავუშვით, რომელიც მოიცავს ყველაფერს - ექიმების მართვიდან და პაციენტების ისტორიიდან დაწყებული, ლაბორატორიით და ინვენტარიზაციით დამთავრებული.აღნიშნულზე ინტერესი მუდმივად იზრდება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გარკვეული რეგულაციებისა და კანონების მიღების პროცესში სახელმწიფო კლინიკებისგან მონაცემების უფრო მოწესრიგებულ მართვას და აღსრულებას ითხოვს. სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება Tati კლინიკებს თანამედროვე ციფრული ინფრასტრუქტურით", - აცხადებს ბესიკ ექსეულიძე.
მანვე აღნიშნა, რომ სტარტაპის მთავარი მიზანია ქვეყნის მასშტაბით ყველა ვეტკლინიკისა და გრუმინგ სერვისის Tati-ს ეკოსისტემაში გაერთიანება და ახალი პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა.
ცნობისთვის, პლატფორმა ბაზარზე 2 წლის წინ გამოჩნდა და მისი ინოვაციურობა არამხოლოდ ცხოველის მოვლის სერვისების შეთავაზებაშია, არამედ მის დამატებით ფუნქციონალებშიც, მაგალითად მომხმარებელს აქვს დღიური, სადაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი თარიღების, მაგალითად, ვაქცინაციის, ვეტ-კლინიკაში ვიზიტის დაგეგმვა და ამის შესახებ დროული შეტყობინებების მიღება. Tati სერგი აბაშიძემ და ბესიკი ექსეულიძემ დააფუძნა.