logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ზაფხულში დატვირთულ სეზონს ველოდებით" - სასტუმრო "შაორი"

სასტუმრო "შაორის" გენერალური მენეჯერის, ირაკლი ჯმუხაძის ინფორმაციით, გასულ წელს ტურისტულმა ობიექტმა რამდენიმე ჩინელ ვიზიტორთა ჯგუფს უმასპინძლა, თუმცა მიმდინარე სეზონზე აღნიშნული სეგმენტიდან ჯავშნები ჯერ არ ფიქსირდება.

როგორც ირაკლი ჯმუხაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, სასტუმრო "შაორი" ბაზარზე სეზონურად ოპერირებს, ახლა მუშაობა მაისში განაახლა, შესაბამისად, არ გამორიცხავს, რომ სეზონის განმავლობაში აზიელი ტურისტების მხრიდან მოთხოვნა კვლავ გაიზარდოს.

მისივე თქმით, ამჟამად სასტუმრო დაახლოებით 60%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ხოლო დამსვენებლების ძირითად ნაწილს ადგილობრივი ვიზიტორები შეადგენენ.

"მუშაობა მაისში განვაახლეთ და ოქტომბრის ბოლომდე ვაგრძელებთ. ივნისში დატვირთულობა ისეთი მაღალი არ არის, როგორც ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში, თუმცა ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. ძირითადად ადგილობრივი ვიზიტორები გვყავს. ამჟამად, დაახლოებით 60%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, ხოლო წინასწარი ჯავშნების დაახლოებით 50%-ი უკვე შევსებულია. შესაბამისად, ზაფხულში დატვირთულ სეზონს ველოდებით. უცხოელ ვიზიტორებს რაც შეეხება, უფრო ხშირად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან, თუმცა გვყავს სტუმრები ისრაელიდან, უკრაინიდან და ა.შ. გასულ წელს ჩინელი ტურისტული ჯგუფებიც გვყავდა, თუმცა აღნიშნული სეგმენტის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ აქტიურობენ. შარშან ჩინელი ტურისტების მხრიდან დაინტერესება ნამდვილად იყო. ახლა გავხსენით სასტუმრო, როგორც გითხარით და ვნახოთ, შესაძლოა მოცემულობა შეიცვალოს. არაბი ტურისტებიც გვყავს, თუმცა ამ სეგმენტიდანაც დიდი მოთხოვნა ჯერჯერობით არ ფიქსირდება - მათ უფრო საქართველოს სხვა რეგიონები აინტერესებთ (ძირითადად ძვირად ღირებული დასვენება მოსწონთ). აზიელ ვიზიტორებს ევროპელი ტურისტებისგან განსხვავებული მოთხოვნები არ აქვთ", - აცხადებს ირაკლი ჯმუხაძე.

სასტუმროს გენერალური მენეჯერი რაჭაში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კარგი იქნება, თუ სახელმწიფო რეგიონში მეტ ღონისძიებას გამართავს, რადგან აღნიშნული ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს.

"ჩვენი მიზანია, სეზონი გავახანგრძლივოთ და ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე თვით არ ვიყოთ წარმოდგენილი. ამის მიღწევა, პირველ რიგში, მარკეტინგული აქტივობებითაა შესაძლებელი, თუმცა ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი რესურსი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ რაჭით გაცილებით მეტი ტურისტი დაინტერესდეს. კარგი იქნებოდა, სახელმწიფოს მხრიდან რეგიონში მეტი აქტივობა განხორციელდეს. ვგულისხმობ სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზებას, რაც ავტომატურად გამოიწვევს სასტუმროების დატვირთულობის გაზრდას. კონკრეტული ღონისძიებების დასახელება გამიჭირდება, თუმცა ისეთი ტიპის აქტივობებია საჭირო, რომლებიც საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ტარდება", - ირაკლი ჯმუხაძე.

ცნობისთვის, სასტუმრო შაორი ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარეობს და 26 ნომრისგან შედგება.

გამოგვყევით