სასტუმრო "შაორის" გენერალური მენეჯერის, ირაკლი ჯმუხაძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე, აგვისტოს გამოკლებით, მთლიანი ვიზიტორების საერთო რაოდენობაში კორპორაციული ჯავშნების წილი დაახლოებით 40%-ია.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ტურისტული ობიექტის წარმომადგენელი აღნიშნავს, სასტუმრო სეზონურად მუშაობს, ამიტომ აღნიშნული სეგმენტიდან ჯავშნები ივნისის მეორე ნახევრიდან აქტიურდება, ხოლო აგვისტოში დასაქმებულებს ძირითადად შვებულება აქვთ. მისივე ცნობით, ამ მიმართულებით სასტუმროს მომხმარებლები ადგილობრივები არიან.
"სასტუმრო დაახლოებით 60-65 ადამიანს იტევს. კორპორაციული ჯავშნები ზაფხულის პერიოდში ხშირად გვაქვს. ამ სეგმენტის წარმომადგენლები საკონფერენციო დარბაზს ყოველთვის ითხოვენ. აგვისტოში მათი რაოდენობა ნაკლებია, რადგან ადამიანები სამსახურიდან ისვენებენ. საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი და აუზი გვაქვს, რაც მომხმარებლებში დიდ ინტერესს იწვევს. მოთხოვნას რაც შეეხება დაინტერესება მაღალია. ამჟამად, კორპორაციული ჯავშნები არ გვაქვს, რადგან სეზონურად ვმუშაობთ - სასტუმრო მაისში გაიხსნა. ზოგადად, მნიშვნელოვანია ე.წ. MICE ტურიზმის განვითარება, რადგან მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება", - სექტორის წარმომადგენელი.
ირაკლი ჯმუხაძე ვიზიტორების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ ამჟამად, სასტუმრო 60%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ხოლო დამსვენებლების ძირითად წილს ადგილობრივები იკავებენ.
"ივნისში დატვირთულობა ისეთი მაღალი არ არის, როგორც ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოში, თუმცა ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. ძირითადად ადგილობრივი ვიზიტორები გვყავს. უცხოელ ვიზიტორებს რაც შეეხება, უფრო ხშირად ევროპის ქვეყნებიდან ჩამოდიან, თუმცა გვყავს სტუმრები ისრაელიდან, უკრაინიდან და ა.შ. ამჟამად, დაახლოებით 60%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ, ხოლო წინასწარი ჯავშნების დაახლოებით 50%-ი უკვე შევსებულია. შესაბამისად, ზაფხულში დატვირთულ სეზონს ველოდებით", - აცხადებს ირაკლი ჯმუხაძე.
ცნობისთვის, სასტუმრო "შაორი" ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარეობს და 26 ნომრისგან შედგება. ტურისტული ობიექტი ბაზარზე სეზონურად ოპერირებს, კერძოდ მუშაობას მაისში იწყებს და ოქტომბრის ბოლოს ასრულებს.