logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

BP-ი ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ოპერატორობას საქართველოსა და აზერბაიჯანს გადასცემს

"ბრითიშ პეტროლიუმი" (BP)  ბაქო–სუფსის ნავთობსადენის ოპერატორობას აზერბაიჯანსა და საქართველოს გადასცემს, თუმცა გადაწყვეტილება არ ნიშნავს ბრიტანული საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის პროექტიდან გასვლას, ეს წარმოადგენს იმ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებას, რომელიც კომპანიამ წლების წინ აიღო. ამის შესახებ აზერბაიჯანულ საინფორმაციო სააგენტო Report-ს  BP-ის წარმოებისა და ოპერაციების აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, გორდონ ბირელმა განუცხადა. 

მისი ინფორმაციით,  პროცესი ივნისის ბოლოსთვის დასრულდება.

"ეს პროცესი არ უნდა აღიქმებოდეს, როგორც BP-ის საკუთარი არჩევანი ან სურვილი. ეს კონტრაქტებით განსაზღვრული პირობებია. როგორც მილსადენის ყოფილი ოპერატორი, ჩვენ გვაქვს საკონტრაქტო ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესრულებით, მილსადენს მის მფლობელებს ვუბრუნებთ. ეს ჩვენი არჩევანი არ არის, ეს ჩვენი საკონტრაქტო ვალდებულებაა,“ - აღნიშნა გორდონ ბირელმა.

”ბრითიშ პეტროლიუმმა” ასევე დაადასტურა, რომ ცალკეული შეთანხმების საფუძველზე, ივლისის დასაწყისში საერთაშორისო ნავთობსადენის ოპერატორობაც SOCAR-ს გადაეცემა.

ცნობისთვის, ბაქო–სუფსის ნავთობსადენი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მარშრუტია, რომელიც აზერბაიჯანულ ნავთობს საქართველოს გავლით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სუფსის ტერმინალამდე მიაქვს.

გამოგვყევით