წისქვილკომბინატები უკვე რამდენიმე თვეა ფქვილის სავალდებულო მარკირების შემოღებას ითხოვენ. სექტორის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა რომ სავალდებულო მარკირება პურის ფასზე გავლენას არ მოახდენს, პროცესი მათთვის გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება. მარკირება ათ კილოგრამიან და უფრო დიდ შეფუთვებს შეეხება.
როგორც "ბარაქას" გენერალურმა დირექტორმა, ლადო ბიძინაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, სავალდებულო მარკირების საკითხზე წისქვილკომბინატების სექტორის წარმომადგენლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციებს აგრძელებენ.
„ამ ეტაპზე აღსრულების ნაწილზე ვართ გაჩერებული. უნდა გაირკვეს მარკირება რომ მოხდება, აღსრულებას რომელი უწყება განახორციელებს. იმედი გვაქვს, მალე გავალთ ბოლოსკენ. ჯერჯერობით ისევ მუშა პროცესია. რაც მალე მოგვარდება ეს საკითხი ჩვენთვის უკეთესია. მით უფრო, რომ სავალდებულო მარკირება ფქვილის ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. ერთი მარკის ფასი 50 კილოგრამიან შეფუთვაზე 2-3 თეთრი ჯდება და შესაბამისად, ეს თანხა ძალიან მიზერულია.“- აღნიშნა ლადო ბიძინაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ფქვილის სარეალიზაციო ფასი მცირდება. ამჟამად პირველი ხარისხის, 50 კილოგრამიანი ტომრის ღირებულება 50-51 ლარია. რიგი წისქვილკომბინატები პროდუქტს 48-49 ლარადაც ყიდიან, რაც "ბარაქას" დირექტორის შეფასებით, ბოლო პერიოდის მინიმალური მაჩვენებელია.