logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

რევაზ სოხაძე - ჩვენი წარმატების მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები იქნება

რევაზ სოხაძე - ჩვენი წარმატების მთავარი მაჩვენებელი ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები იქნება

1781243474

„ჩვენი მიზანი მხოლოდ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არ არის. ჩვენი წარმატების მთავარი ინდიკატორი იქნება ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები, რომლებიც კონკურენტუნარიანები გახდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის სამშენებლო სექტორი გაძლიერდეს და ქართულ კომპანიებს განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცეთ.

მინისტრის განმარტებით, სატენდერო პირობების ცვლილების შედეგად, ქართულ კომპანიებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში აქტიურად ჩაერთონ. ამის მაგალითია თბილისის შემოვლითი გზის პროექტი, სადაც ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ქართული კონსორციუმები ჩამოყალიბდა.

სოხაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა, ასევე ამზადებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებში ქართულ კომპანიებს დამატებით შესაძლებლობებსა და შეღავათებს შესთავაზებს. პარალელურად, იგეგმება იმ კომპანიების წახალისება, რომლებიც სახელმწიფო კონტრაქტებს დროულად და მაღალი ხარისხით შეასრულებენ.

„სახელმწიფოს ამოცანაა, ქართულ ბიზნესს შეუქმნას პირობები ზრდისთვის, ახალი ტექნიკის შეძენისთვის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზანს ემსახურება“ - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა.

„საუბარია თითოეულ ლარზე, რომელიც მოქალაქეების მიერ შევსებული ბიუჯეტიდან იხარჯება. ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ამ რესურსს და ინფრასტრუქტურის სიცოცხლისუნარიანობა გავზარდოთ. არ არის ნორმალური, რომ ახლად აშენებული გზა რამდენიმე წელიწადში სარემონტო გახდეს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა პროექტი შესრულდეს მაღალი ხარისხით,  სახელმწიფო უხარისხო სამუშაოს არ ჩაიბარებს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, სამინისტრო კერძო სექტორთან მუდმივ კომუნიკაციას ინარჩუნებს და ყველა გამოწვევას ბიზნესთან ერთად განიხილავს.

„შეიცვალა მიდგომები და გაიზარდა ხარისხის სტანდარტები, რაც გარკვეულ შემთხვევებში დამატებით დროსაც მოითხოვს. თუმცა ჩვენთვის ხარისხი კომპრომისის საგანი არ არის.  სახელმწიფო და ბიზნესი ამ პროცესს ერთად გადიან და საბოლოო მიზანიც საერთო გვაქვს - ქვეყნისთვის თანამედროვე, მდგრადი და ხარისხიანი ინფრასტრუქტურის შექმნა“ – აღნიშნა მინისტრმა.

გამოგვყევით