კომპანია Shine Energy-ის დამფუძნებლის ნინა გადელიას შეფასებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, ენერგოუსაფრთხოების კონტექსტში, პრიორიტეტად კვლავ ჰიდროელექტროსადგურები განიხილება, თუმცა პარალელურად მნიშვნელოვანია მზისა და ქარის ენერგიის მიმართულებების განვითარებაც.
როგორც ნინა გადელია გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ენერგოსისტემის სტაბილურობისთვის აუცილებელია ბალანსის ეფექტიანი უზრუნველყოფა.
"ენერგეტიკა, როგორც ეკონომიკის ხერხემალი ძალიან მნიშვნელოვანი დარგია. მიუხედავად იმისა, რომ მზის ენერგიის სამშენებლო კომპანიას წარმოვადგენ, რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური რეალობა. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია საქართველოს ენერგოუსაფრთხოება.
შესაბამისად, პრიორიტეტი ჰიდროელექტროსადგურებია, თუმცა პარალელურად მზისა და ქარის ენერგიების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანა მეტად ენერგოდამოუკიდებელი გახდეს. ამ პროცესს თავისი გამოწვევებიც აქვს. მაგალითად, პიკური დატვირთვის პერიოდში ელექტროსადგურების გათიშვის საკითხი, რაც სამივე გენერაციის წყაროს - ჰესებს, ქარსა და მზის ელექტროსადგურებს ეხება. შესაბამისად, მიმდინარეობს სიმულაციები, თუ როგორ უნდა მოხდეს ენერგოსისტემის ბალანსის ეფექტიანად უზრუნველყოფა.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით, ყველაზე დიდი დაინტერესება მზის ენერგეტიკის მიმართულებით ფიქსირდება. აღნიშნული ერთი მხრივ, განპირობებულია იმით, რომ პროექტის განვითარებას კვლევების კუთხით შედარებით ნაკლები ჩართულობა სჭირდება, ხოლო მეორე მხრივ, ფინანსური თვალსაზრისით, ინვესტიციის უკუგების პერიოდი გაცილებით მოკლეა, ვიდრე ჰიდრო, ან ქარის ელექტროსადგურების შემთხვევაში. ამასთან, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურების საინვესტიციო დანახარჯები, როგორც წესი, მნიშვნელოვნად აღემატება მზის ელექტროსადგურების დანახარჯებს. საბოლოო ჯამში, იმ რაოდენობის მზის ელექტროსადგურები ვერ აშენდება რა დაინტერესებაც გვაქვს. რადგან მზის ენერგია სტაბილური წყარო არ არის - ყველაზე მაღალი გენერაცია გაზაფხულისა და ზაფხულის თვეებში გვაქვს, შესაბამისად, ენერგოსისტემაში ბალანსის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - აცხადებს ნინა გადელია.
ცნობისთვის, კომპანია Shine Energy („შაინ ენერჯი“) არის მზის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი ერთ-ერთი წამყვანი ქართული საპროექტო და სამშენებლო კომპანია (EPC). კომპანია ქართულ ბაზარზე 2023 წელიდან ოპერირებს.