საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარედ, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან შეთანხმების პირობების დარღვევით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, პირველ ეტაპზე სამართალდამრღვევს გაფრთხილება მიეცემა და დარღვევის გამოსასწორებლად მაქსიმუმ ერთთვიანი ვადა განესაზღვრება. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 2 000 ლარით დაჯარიმდება. განმეორებით დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 1500, იურიდიული პირისთვის კი, 6 000 ლარამდე იზრდება.
თუ უკანონო საქმიანობის შედეგად, საავტომობილო გზა ან მისი ინფრასტრუქტურა დაზიანდა, სანქციები კიდევ უფრო მკაცრი იქნება. ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 1 500, იურიდიული პირისთვის კი, 50 000 ლარია. განმეორებითი დარღვევისას ჯარიმა შესაბამისად 3 000 და 100 000 ლარს მიაღწევს.
კანონპროექტი ასევე გზების დეპარტამენტს ანიჭებს უფლებას, დარღვევის გამოსწორებისთვის მიცემული ვადის ამოწურვის შემდეგ უკანონო ნაგებობის დემონტაჟი დაიწყოს.
ცვლილებით, გზების დეპარტამენტი დამატებით უფლებამოსილი გახდება, დააჯარიმოს პირები გზის სავალ ნაწილზე ან მის მიმდებარედ სამშენებლო მასალების დაყრისა და გზის დანაგვიანებისთვის.
ამასთან, კანონპროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების მოვლა-შენახვა სრულად ან ნაწილობრივ სამინისტროს მართვაში არსებულ სპეციალურ კომპანიას გადააბაროს.