ქუთაისის ცენტრში, TBC ბანკის სათავო ოფისის მიმდებარედ, საერთაშორისო ბრენდის Courtyard by Marriott-ის სასტუმროს მშენებლობა იწყება. როგორც "რიკო ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ლაშა ნიკოლაიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, სასტუმრო 2028 წელს გაიხსნება და პროექტის ინვესტიცია 35 მლნ ევროს შეადგენს.
მისივე ინფორმაციით, სასტუმრო კომპლექსში ჯამში 250 ადამიანის დასაქმება იგეგმება. ლაშა ნიკოლაიშვილის შეფასებით, ასეთი სასტუმრო ქუთაისში არ არის, რაც რეგიონის ტურისტულ განვითარებას ხელს შეუწყობს.
"სასტუმროს პროექტი "რიკო იმერეთის" ეგიდით ხორციელდება, რომელსაც ჩვენი ჯგუფის წევრი ბექა ტუღუში ხელმძღვანელობს. ამ ეტაპისთვის, Marriott-თან ფრენჩაიზის კოლაბორაცია დასრულებულია და გადავდივართ მშენებლობის ეტაპზე. აღსანიშნავია, რომ პროექტს ქართული არქიტექტურ-დიზაინერები და პარალელურად, პორტუგალიური არქიტექტურული ჯგუფი ახორციელებს.
სასტუმრო 120 ნომერს მოიცავს და დასრულებას 2028 წელს ვვარაუდობთ. კომპლექსში განთავსებული იქნება 150 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და შიდა ეზო. ეს არ იქნება მხოლოდ სასტუმრო - მას კულტურული დანიშნულებაც ექნება, რადგან გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები და შეხვედრები. გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე იქნება ორი რესტორანი ძალიან ლამაზი ხედებით. ეს იქნება 4+ ვარსკვლავის მქონე საერთაშორისო ბრენდის პირველი სასტუმრო Courtyard-ის ბრენდის ქვეშ.
როდესაც პროექტი დასრულების ეტაპზე მივა - გვსურს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ემიგრანტებისთვის ასეთი პროექტი გავაკეთოთ - "დაუბრუნდი მშობლიურ ქუთაისს". ის ადამიანები, რომლებიც საზღვარგარეთ სასტუმრო სფეროში მოღვაწეობენ და იმერეთში აქვთ ფუძე გვსურს დავაბრუნოთ ქვეყანაში და ღირსეული ანაზღაურება მივცეთ. ვვარაუდობთ, რომ ჯამში 250 ადამიანს დავასაქმებთ.
გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის გარკვეული ფიქსირებული ფასები იქნება და როგორც "პარაგრაფს" აქვს 15%-იანი ფასდაკლებები, ჩვენთანაც იქნება გარკვეული ფასდაკლებები და შეღავათიანი ფასები", - აცხადებს ლაშა ნიკოლაიშვილი.

„რიკო ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ქუთაისის მერიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, რადგან პროექტზე გაცემულია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების (გაპი) დოკუმენტი, რამაც უზრუნველყო პროცესის გაგრძელება და პროექტის სამშენებლო ეტაპზე შეუფერხებლად გადასვლა.