logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

ივერთუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდება

ივერთუბნის დასახლებაში საბავშვო ბაღი აშენდება

1781086327

თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო კიდევ ერთ პროექტს ამჯერად ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში განახორციელებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს რეხის ქუჩის N6-ში დაიწყება.

„ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა და არსებულების რებილიტაცია-განახლება. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ახალი ბაღი ავაშენეთ, ასევე, გვაქვს ბაღები, სადაც რეაბილიტაცია განხორციელდა. თბილისის საბავშვო-ბაგა ბაღების მართვის სააგენტო კიდევ ერთ პროექტს ამჯერად ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში განახორციელებს. კერძოდ, ბაღის მშენებლობა მიმდინარე წელს რეხის ქუჩა N6-ში დაიწყება. აღნიშნული პროექტი ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო.  ჩვენ ჩვენს დაპირებას, რა თქმა უნდა, ვასრულებთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მშენებლობის შესყიდვაზე სახელმწიფო ტენდერი გამოცხადებულია. როგორც მერმა აღნიშნა, ტენდერის დასრულებისთანავე გაფორმდება ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან და დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

„პროექტისთვის გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია, სადაც აშენდება თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი შენობა. ბაღში განთავსებული იქნება ექვსი სააღმზრდელო ჯგუფი, სადაც მომსახურებას მიიღებს 180-მდე აღსაზრდელი. შენობა იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის, პანდუსებითა და ლიფტებით; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საევაკუაციო კიბეები და დამონტაჟდება უსაფრთხოების სისტემები; ბაღს ექნება სპორტული და მუსიკალური დარბაზები მეთოდური მუშაობისთვის, ასევე, კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ეზო ღია აქტივობებისათვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოგვყევით