logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მესტიაში აზიელი ვიზიტორების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება - ზაფხულის სეზონი აქტიური იქნება" - "მთის ქოხები"

მესტიაში მდებარე კოტეჯების კომპლექსის "მთის ქოხების"  დამფუძნებლის, ეკატერინე ჯაფარიძის ინფორმაციით, რეგიონში აზიელი ვიზიტორების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ეკატერინე ჯაფარიძე აღნიშნავს, მთლიან ტურისტულ ნაკადში აზიელი ვიზიტორების წილის ზუსტად განსაზღვრა რთულია, თუმცა "მთის ქოხებში" ამ სეგმენტის წარმომადგენლების გამოჩენა უკვე შეინიშნება. მისივე თქმით, რეგიონში ხშირია სტუმრები ჩინეთიდან.

ამასთან, კოტეჯების კომპლექსის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სვანეთში დამსვენებლების მხრიდან მაღალი ინტერესია, როგორც საშუალო კლასის, ისე ძვირადღირებული სასტუმროების მიმართ.

"უცხოელ ვიზიტორებს რაც შეეხება, რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას ვერ გამოვყოფ, თუმცა დამსვენებლების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. ხშირია სტუმრები ევროპის ქვეყნებიდან. ნელ-ნელა იზრდება აზიელი ტურისტების რაოდენობაც და მათი აქტივობა უფრო მეტად შეინიშნება, ვიდრე წინა წლებში. ასევე არაბმა ვიზიტორებმაც აქტიურად დაიწყეს ჩამოსვლა. ეს სეგმენტი აერთიანებს როგორც მაღალბიუჯეტურ, ისე დაბალმხარჯველუნარიან ტურისტებს. ჩვენ საშუალო კლასის დასასვენებელი ობიექტი ვართ. ზოგადად, სვანეთში მაღალია ინტერესი, როგორც საშუალო კლასის, ისე ძვირადღირებული სასტუმროების, თუ კოტეჯების მიმართ -  თითოეულ ობიექტს თავისი მომხმარებელი ჰყავს", - აცხადებს ეკატერინე ჯაფარიძე.

კოტეჯების კომპლექსის დამფუძნებელი ზაფხულის სეზონისთვის დადებით ტენდენციებს ელოდება, რადგან წინასწარი ჯავშნები უკვე მიღებულია.

"მაისის თვიდან ვიზიტორები გააქტიურდნენ, მაშინ როდესაც წინა თვეები პასიური იყო. მაისში 30%-იანი დატვირთულობით ვმუშაობდით, ხოლო ივნისისა და ივლისისთვის ნომრების დაახლოებით 30%-ი უკვე წინასწარ დაჯავშნილია. ზაფხულის სეზონზე დადებით დინამიკას ველოდებით, რადგან ეს თვეები ტრადიციულად ყველაზე აქტიურ პერიოდს წარმოადგენს. ამასთან, ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დავასრულეთ. განვაახლეთ როგორც ინტერიერი, ისე ექსტერიერი. განსაკუთრებით გვახარებს ფაქტი, რომ დამსვენებლები ჩვენთან ხელახლა ბრუნდებიან", - აცხადებს ეკატერინე ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სვანეთში, მესტიაში, "მთის ქოხები" საბაგიროს გვერდით მდებარეობს და ადგილობრივ ბაზარზე უკვე 6 წელია ოპერირებს. ტურისტული ობიექტის შემადგენლობაში 5 ხის კოტეჯი და კაფეა, თითოეული კოტეჯი ოთხ ადგილიანია.

გამოგვყევით