იუსტიციის მინისტრის მოადგილის, თამარ ზოდელავას ინფორმაციით, საჯარო რეესტრის სერვისების გაციფრულება გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებასა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას უზრუნველჰყოფს.
როგორც თამარ ზოდელავა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, აღნიშნული მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ტიპის განცხადებების შემთხვევაში რეესტრი ანალოგიურ გადაწყვეტილებებს იღებს.
"უწყებამ დიდი და გარდამტეხი ცვლილებები განიცადა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო იყო ის უწყება, რომელმაც კლასიკური ე.წ. ფურცლის ბიუროკრატიიდან საქმიანობა სრულად გააციფრულა. შესაბამისად, ხელმისაწვდომი გახდა სახელმწიფო სერვისები, რომლებიც დღეისთვის მუდმივად ვითარდება.
ამასთან, "გონიერ კონტრაქტზე" მომართვა მზარდია - ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის სერვისზე მომართვიანობა უკვე 22 ქვეყნიდან დაფიქსირდა. ახლახან მომხმარებლებს სახელმწიფო სერვისის სახით საჯარო რეესტრის ამზომველის მომსახურებაც შევთავაზეთ. აღნიშნული არის სანდოობასა და სიზუსტეზე დაფუძნებული მომსახურება, რომლის ფარგლებშიც სერტიფიცირებული, პროფესიონალი ამზომველი დაინტერესებულ პირებს საამზომველო მომსახურებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით სთავაზობს. ასევე ინოვაციების მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. უახლოეს მომავალში დაინტერესებულ პირებს კიდევ არაერთ ახალ სერვისს შევთავაზებთ. ჩვენს გეგმებშია გარკვეული სახელმწიფო სერვისების სრულად გაციფრულება და მათი ავტომატიზება. ვცდილობთ სხვადასხვა საჭიროებებს ვუპასუხოთ, სამომავლოდ კი ხარისხსა და ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ", - აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.