სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარის, ელზა ბებიას ინფორმაციით, ტურისტულ სექტორში დაგეგმილი ახალი რეგულაციებით, რომელიც საქართველოში ერთიანი ბაზის შექმნას ითვალისწინებს, ყველა გიდი საქმიანობის მიმართულებისა და სამუშაო ენის მიხედვით დარეგისტრირდება, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ზუსტად იცოდეს რამდენი გიდი ოპერირებს ქვეყანაში და რა მიმართულებით მუშაობენ.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, აქამდე არსებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი გიდების კვალიფიკაციისა და საქმიანობის სპეციფიკის შესახებ სრულ სურათს ვერ იძლეოდა.
"სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია რამდენი გიდი ჰყავს, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად კვალიფიციურები არიან. გაკეთდება ბაზა და ყველა გიდი იმ სამუშაო მიმართულებით, ენით გამოჩნდება რა ხაზითაც მუშაობს. ამასთან, რაც არ უნდა ბრწყინვალე იყოს კანონი, თუ მისი აღსრულება არ მოხდა აზრი არაფერს აქვს. მაგალითად, უცხოელი გიდების შესახებ კანონი უკვე ერთი თვეა მიღებულია, მაგრამ არ მახსენდება შემთხვევა შრომის ინსპექციას ვინმე დაეჯარიმებინა - შეუფერხებლად მუშაობენ. ჩვენ შრომის ინსპექციას ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ, გვინდოდა ინფორმაცია მოეცათ, რომელიმე კომპანია, ვინმე უცხო ენოვანი გიდი თუ დაჯარიმდა. ზოგადად, მიმდინარეობს თუ არა კანონის აღსრულება, ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია", - აღნიშნავს ელზა ბებია.
სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ჩინურ ენოვანი გიდების შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩინურენოვანი გიდების დეფიციტი არ არის.
"იყო მოსაზრება, რომ ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ჩინურ ენოვანი გიდები არ იყვნენ, თავად ჩინურ ენოვანი გიდი ვარ და ეს ვარაუდი სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, სექტორში პრობლემები არსებობს, მაგალითად, წლების განმავლობაში საპირფარეშოების პრობლემა ვერ მოგვარდა. დიდი კომპანიების მიერ გზადაგზა გაკეთებული საპირფარეშოები რომ არ იყოს, გადაადგილება წარმოუდგენელი იქნებოდა. ინფრასტრუქტურაც ვერ მოწესრიგდა, გზების გაუმართაობა ისევ გვაქვს", - აღნიშნავს ელზა ბებია.
ცნობისთვის, "ტურიზმის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ტურისტული გიდები ვალდებულნი ხდებიან, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრის ნაცვლად, რეგისტრაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შექმნილ სპეციალურ ბაზაში გაიარონ, სადაც თითოეული გიდის პროფესიული მონაცემები, საქმიანობის მიმართულება და სამუშაო ენა სრულად აისახება.