logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB China-ზე ქართულ სტენდებს ხალხმრავლობა არ აკლდა" - მაია ომიაძე

ჩინეთის ქალაქ შანხაიში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა ITB China 2026-ზე საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარსდგა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის ინფორმაციით, გამოფენაზე ქართულ სტენდებს ხალხმრავლობა არ აკლდა.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" მაია ომიაძემ აღნიშნა, ჩინეთის ბაზარზე საქართველოს მიმართ ინტერესი მაღალია.

"შანხაის გამოფენაზე პარტნიორის სტატუსით ვიყავით წარმოდგენილი, ატრაქცია მაღალი გვქონდა - ფოლკლორული ანსამბლი წაყვანილი გვყავდა, გასტრონომიის მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაციები ჩავატარეთ. ამ ყველაფერმა ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, კერძო სექტორთან ერთად მაღალი რანგის შეხვედრები გვქონდა.

ხალხმრავლობა არა მარტო ატრაქციების, არამედ ბიზნეს შეხვედრების გამოც იყო. მთლიანობაში, შედეგი რა თქმა უნდა, დადგება. მჭიდრო კავშირები დავამყარეთ ჩინურ კომპანია Ctrip-თან (ჩინური ონლაინ ტურისტული პლატფორმა) აღნიშნული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელსაც ყოველდღიურად დიდი რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს. იმედი გვაქვს, თანამშრომლობას გავაძლიერებთ. ამ ყველაფერთან ერთად შანხაი-თბილისის მიმართულებით ახალი ფრენების დამატება ძალიან კარგ შედეგს მოგვიტანს", - აღნიშნავს სექტორის წარმომადგენელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კერძო სექტორის შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ ქართული კერძო კომპანიები ჩინელ პარტნიორებთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ.

"ენობრივ ბარიერს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში კერძო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენს მიერ გამოყოფილი ინდივიდუალური თარჯიმნები ჰყავდათ. ჩინეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან მაღალია, რასაც უვიზო მიმოსვლამაც შეუწყო ხელი. პირველი კვარტალის მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით ჩინელი ვიზიტორების რაოდენობა 44.4%-ითაა გაზრდილი. აქტიურად ვმუშაობთ ქვეყანაში მაღალმხარჯველუნარიანი ჩინელი ტურისტები ჩამოვიდნენ", - აცხადებს მაია ომიაძე. 

ცნობისთვის, ჩინეთში შანხაიში 26-დან 28 მაისამდე უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB China 2026 გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველო წარდგენილი პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იყო. გამოფენაზე ქვეყანას 400 კვადრატული მეტრი ფართობის ეროვნული სტენდი ჰქონდა, სადაც 30-მდე ქართულ კომპანიას შესაძლებლობა მიეცა აზიის ბაზრის წამყვან კომპანიებთან პირდაპირი ბიზნესკავშირები დაემყარებინა.

გამოგვყევით