კომპანია Placemakers-ის თანადამფუძნებლის, ზურაბ ფიჩხაიას შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნა შეიცვალა და ამჟამად, უპირატესობა სწორად ორგანიზებულ გარემოში კერძო სახლს ენიჭება.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ზურაბ ფიჩხაია აღნიშნავს, ადამიანები უკვე აღარ ცდილობენ მეტი კვადრატული მეტრის შეძენას, რადგან გარკვეული ზღვრის შემდეგ დამატებითი ფართობი ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად აღარ აუმჯობესებს.
"მე მგონი, რაც დრო გადის, როგორც დეველოპერები, ასევე მომხმარებლებიც უფრო ვითარდებიან და შესაბამისად, მეტი მოთხოვნა ჩნდება. სწორად ორგანიზებულ გარემოში, სწორ უბანში კერძო სახლი უკეთეს ცხოვრების საშუალებას გვაძლევს. მომხმარებელი ყოველთვის ცდილობს იპოვოს ისეთი ადგილი, რომელიც მისთვის ახლობელია. შენ არ ყიდულობ მხოლოდ ბინას, ან სახლს - შენ ყიდულობ ცხოვრების სტილს", - აცხადებს ზურაბ ფიჩხაია.
სექტორის წარმომადგენელი უშუალოდ თბილისის განაშენიანების საუბრისას აღნიშნავს, რომ ქალაქის სივრცობრივი შეზღუდვიდან გამომდინარე, განვითარება ყველა მიმართულებით ვერ გაგრძელდება. ხოლო ამ კონტექსტში ლისი და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ბუნებრივი განვითარების ზონად მიიჩნევა.
"ლისი და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი ადგილია, საიდანაც თბილისი ვითარდება. ქალაქის ზრდა ფაქტია და ამას ვერ ავცდებით, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ ზონებში მკაცრი რეგულაციებია დაწესებული, რაც განსაზღვრავს, რა ტიპის მშენებლობაა დასაშვები და რა არა. გარკვეულ ტერიტორიებზე მაღალი კორპუსების მშენებლობა არ არის დაშვებული, რაც სწორ მიდგომად მიმაჩნია. მაგალითად, ლისის ტბის გარშემო მაღალი კორპუსის აშენება არ შეიძლება და სწორიცაა. ჩვენს შემთხვევაშიც ვილების სიმაღლე შევზღუდეთ, რადგან ერთი და ორსართულიანი განაშენიანება ამ კონტექსტში ყველაზე სწორი პროდუქტი მგონია. შესაბამისად, თავად განვითარება საფრთხეს არ ქმნის - საფრთხეს არასწორი განვითარება ქმნის. ჯერჯერობით კი პროცესი სწორად მიმდინარეობს", - აღნიშნავს სექტორის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ქართული დეველოპერული კომპანია Placemakers ადგილობრივ ბაზარზე პრემიუმ კლასის ეკოლოგიური და ინოვაციური საცხოვრებელი პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. კომპანია ბაზარზე 2025 წლის ბოლოდან გამოჩნდა.