logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"მოქალაქეებმა მოგზაურობაზე ფიქრი ისევ დაიწყეს - გაყიდვების დინამიკა მზარდია" - "ნოვა ტური"

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, მოქალაქეებმა ისევ დაიწყეს მოგზაურობაზე ფიქრი და რაც უფრო ვუახლოვდებით ზაფხულის პერიოდს გაყიდვების დინამიკა მზარდია, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება იყო არის და იქნება თურქეთი, კერძოდ, ანტალია და მის ფონზე ყველა სხვა მიმართულება იკარგება. 

"ტურისტულმა სააგენტოებმა და ტუროპერატორებმა საქართველოს მოქალაქეები მივაჩვიეთ იმას, რომ ვინც ზაფხულში მოგზაურობას გეგმავს - იანვარში და თებერვალში იჭერენ თადარიგს. წელსაც ნაადრევი ჯავშნები იყო საკმაოდ აქტიური და ძირითადად ეგვიპტისა და თურქეთის მიმართულება იჯავშნებოდა. ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე გაყიდვები შეწყდა და დაიწყო პაკეტების გაუქმება. ტურიზმის ზოგადად, ძალიან მგრძნობიარეა და ყველა მოვლენა მასზე აისახება. მიუხედავად ამისა, მარტის ბოლოდან ნელ-ნელა დაიწყო ისევ აქტივობა და ყველაფრის ფონზე ქართველი დამსვენებლები მაინც ახერხებენ მოგზაურობას. 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების კლება ნამდვილად არ არის და პირიქით, აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს გაყიდვების დინამიკა იზრდება. მოთხოვნა თითქმის ყველა საფასო კატეგორიის ტურებზეა, თუმცა განსაკუთრებით საშუალო და მაღალ საფასო კატეგორიის ტურებზე. ამას ხელი შეუწყო იმან, რომ საქართველოდან ახალი მიმართულებები დაინიშნა", - აცხადებს მამუკა ჯიქია.

გამოგვყევით