ქართულ ბაზარზე აჯიკების მწარმოებელი ახალი ბრენდი - „რატატუი“ გამოჩნდა. ბიზნესიდეა 11 წლის ბიჭს ეკუთვნის, მისი ოცნება კი დედამ რეალობად აქცია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდ „რატატუის“ დამფუძნებელმა გიული ფაჩულიამ განუცხადა, ბაზარზე სულ 3 თვეა რაც ოპერირებენ და მომხმარებლის მხრიდან უკვე მაღალი ინტერესია.
„ჩვენი ისტორია ცოტა განსხვავებულია. ეს არ ყოფილა ცივი ბიზნესგათვლებით შექმნილი ბრენდი. მე მყავს 11 წლის ბიჭი - ლუკა, რომელიც არის აუტისტური სპექტრის მქონე და მას 3 წლის ასაკში დაუდგინდა ეს დიაგნოზი. ამ დღიდან, გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი შვილი რეალიზებული ყოფილიყო. „რატატუის“ იდეაც გაჩნდა იქიდან, რომ ლუკას ძალიან უყვარს სამზარეულოში ტრიალი. ერთხელაც, როდესაც მე და ლუკა ვთამაშობდით, ჩემი ბებიის რეცეპტით ოჯახისთვის მოვამზადეთ აჯიკა და აღმოვაჩინე, რომ მისი გემო ბავშვს ძალიან მოეწონა. შევამჩნიე, რომ აჯიკის დამზადების პროცესი ლუკასთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ეს არ იყო მისთვის უბრალოდ პროდუქტი, ეს იქცა მისთვის სენსორულ სივრცედ, ის გახდა უფრო სტაბილური, მშვიდი... ამიტომ, გადავწყვიტე, აჯიკის წარმოებისთვის მიმეცა სისტემატური სახე. პირველი პროდუქტი სოციალურ ქსელში განვათავსეთ და საზოგადოებაში მაშინვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია“, - გვიყვება გიული ფაჩულია.
მისივე თქმით, დღეისათვის, „რატატუის“ ბრენდით 6 სახეობის მეგრულ - აფხაზური აჯიკა და ასევე, სვანური მარილი იწარმოება.
„მე და ლუკა ვგეგმავთ, რომ ჩვენი ასორტიმენტი უახლოეს პერიოდში გავზარდოთ და ჯამში, 12 სახეობის აჯიკა ვაწარმოოთ. სამომავლო გეგმებშია სხვადასხვა სავაჭრო ქსელში ჩვენი სტენდების განთავსებაც, ვინაიდან, ამ ეტაპზე, ჩვენს ნაწარმს მხოლოდ სოციალური ქსელის მეშვეობით ვყიდით“, - განმარტა „რატატუის“ დამფუძნებელმა.
მისივე ინფორმაციით, „რატატუის“ აჯიკა არის სრულიად ხელნაკეთი, ნატურალური პროდუქტი, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულით მზადდება. კერძოდ, წარმოებისთვის საჭირო ნედლეული გიული ფაჩულიას სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ჩამოაქვს.