ევროპა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების გავლენის შემცირებას ცდილობს. საუბარია ახალ წესებზე, რომლებიც შესაძლოა ევროპულ კომპანიებს უპირატესობას ანიჭებდეს როგორც cloud-სერვისების სახელმწიფო ტენდერებში, ისე სატელიტური ინტერნეტის სიხშირეების განაწილებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავს შეზღუდოს ისეთი ამერიკული გიგანტების გავლენა, როგორებიცაა Amazon, Google და Microsoft, რომლებიც დღეს გლობალური cloud ბაზრის დაახლოებით 63%-ს აკონტროლებენ. ახალი Cloud and AI Development Act-ი, რომელიც 3 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს, მიზნად ისახავს ევროპული ტექნოლოგიური სუვერენიტეტის გაძლიერებას.
ევროკავშირის ნაწილს სურს, რომ სახელმწიფო და თავდაცვის სექტორისთვის მნიშვნელოვანი ციფრული ინფრასტრუქტურა ძირითადად, ევროპული კომპანიების ხელში იყოს. განსაკუთრებით აქტიურები არიან ევროკავშირის ინდუსტრიის კომისარი სტეფანე სეჟურნე და თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ანდრიუს კუბილიუსი , თუმცა ევროკავშირის ტექნოლოგიების კომისარი ჰანა ვირკუნენი უფრო ფრთხილ მიდგომას ემხრობა და აცხადებს, რომ რეგულაციები ყველა კომპანიისთვის ერთნაირი უნდა იყოს და არა კონკრეტულად ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართული. პარალელურად, ევროკავშირი მობილური სატელიტური სიხშირეების დიდ ნაწილსაც ევროპული კომპანიებისთვის ინახავს. ეს შესაძლოა პრობლემად იქცეს SpaceX-ის Starlink-ისა და Amazon-ის Project Kuiper-ისთვის, რომლებიც ევროპულ ბაზარზე გაფართოებას ცდილობენ.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროკავშირისთვის მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ევროპა ჯერ კიდევ ძლიერ არის დამოკიდებული ამერიკულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე — თითქმის ყველა დიდი ბანკი, სახელმწიფო უწყება და კორპორაცია იყენებს Microsoft-ის, Google-ის ან Amazon-ის cloud-სერვისებს. ამ ფონზე ბრიუსელი ცდილობს საკუთარი ტექნოლოგიური ეკოსისტემა გააძლიეროს და შეამციროს დამოკიდებულება როგორც აშშ-ზე, ისე ჩინეთზე.
თამარ გაზდელიანი
ფოტო: Reuters