გვაქვს იმედი, რომ აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პარალელურად სახმელეთო გზაც გაიხსნება, რაც როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმზე დადებითად აისახება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ჯიქიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა,
მისივე ინფორმაციით, სახმელეთო გზის ჩაკეტვამდე აზერბაიჯანიდან საქართველოში ტურისტული ნაკადები აქტიურად შემოდიოდნენ.
"საქართველოზე ტურისტული კუთხით დატვირთვა 99% მოდის ისეთ მგზავრებზე, რომლებიც თვითმფრინავით გადაადგილდებიან. შესაბამისად, ყოველი ახალი შესაძლებლობა და ალტერნატიული ვარიანტი - ამ შემთხვევაში რკინიგზა, ძალიან საინტერესოა როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმისთვის.
სანამ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სახმელეთო მიმოსვლა დაიკეტებოდა, საქართველოში ძალიან აქტიურად შემოდიოდნენ აზერბაიჯანელი დამსვენებლები, რომლებიც რამდენიმე დღე ჩერდებოდნენ თბილისში და აქედან მიემგზავრებოდნენ სხვადასხვა მიმართულებით. ამის მიზეზი იყო ის, რომ თბილისიდან ფრენები ბაქოსთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად იყო", - აცხადებს მამუკა ჯიქია.
ცნობისთვის, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა. აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციის თანახმად, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი 81 მანათია, რაც 127 ლარს შეადგენს, ამასთან, აზერბაიჯანიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი ყველაზე მოკლე მარშრუტის შემთხვევაში 51 მანათი, ანუ 80 ლარია, თუმცა სრული მარშრუტის - ბაქო-თბილისის საფასური 81 მანათიდან იწყება. ანალოგიურად, თბილისიდან ბაქოს მიმართულებით ბილეთის საფასურიც 81 მანათია.