ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, პეტრა პონევაჩ-პანას შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ინოვაციების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა უნგრეთის ინოვაციების სააგენტოსთან (NIÜ) არსებულ თანამშრომლობასა და Horizon Europe-ის კონსორციუმებში ერთობლივი მონაწილეობის წარმატებულ პრაქტიკას.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას აქცენტი სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე გაკეთდა: ინსტიტუციური კავშირების გაძლიერება, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივები და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ ორმხრივ ფორმატებს, როგორიცაა ტექნოლოგიური ბანაკები ახალგაზრდებისთვის, სტარტაპების მხარდაჭერის მექანიზმები და სექტორული ინკუბაციის პროგრამების განვითარება.