საქართველოში, ადგილობრივი წარმოების ხელნაკეთი ნივთები სულ უფრო პოპულარული ხდება. განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა განსხვავებული დიზაინის მქონე, ხელნაკეთ ჩანთებზე არსებობს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ბრენდ Marinart Handmade Bags-ის დამფუძნებელმა, ნათია ბერეკაშვილმა განუცხადა, მიუხედავად ადგილობრივ ბაზარზე არსებული საკმაოდ მაღალი კონკურენციისა, მის მიერ, ბისერებისგან შექმნილი ჩანთების გაყიდვები ყოველდღიურად იზრდება.
„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბოლო წლებში, ჩვენს ქვეყანაში ხელნაკეთი ნივთების მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ადამიანები დღითი დღე უფრო მეტად აფასებენ ამ ნივთებში ჩადებულ შრომასა და მათ უნიკალურობას. ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა, რომ ატარო განსხვავებული ნივთი. ჩემ შემთხვევაში კი, მწარმოებლის კუთხით რომ შევხედოთ, ეს არის შესაძლებლობა, ჩემი ემოციები და ფანტაზია გადავიტანო ნივთში, რომლის ყველა დეტალსაც საკუთარი ხელით ვქმნი“, - აღნიშნა ბრენდ Marinart-ის დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, Marinart-ის ბრენდის ქვეშ, დაახლოებით, 21 სახეობის ნაკეთობა ერთიანდება, სხვადასხვა ზომისა და ფორმის.
„თუმცა, მუდმივად ვფიქრობ და ვმუშაობ ჩემი ნაკეთობების გამრავალფეროვნებაზე. ამასთან, მომხმარებლების მხრიდან ვიღებ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც და სრულად ვერგები მათ გემოვნებას. სხვათა შორის, ბისერებისგან დამზადებული ჩანთებით არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ინტერესდებიან, მქონია შემთხვევები, როდესაც სოციალურ ქსელში უცხოელებსაც მოუწერიათ და დაინტერესებულან, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი მათთვის სასურველი ჩანთის, სასურველ ქვეყანაში გაგზავნა. აქედან გამომდინარე, ჩემს სამომავლო გეგმებში, სხვა ბევრ ამბავთან ერთად, საექსპორტო კუთხით გააქტიურებაც შედის“, - განმარტა Marinart Handmade Bags-ის დამფუძნებელმა.
ნათია ბერეკაშვილმა წარმოების პროცესზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს საკმაოდ შრომატევადი საქმეა.
„1 ჩანთის დამზადებას ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი სჭირდება. ნედლეულად ვიყენებ მხოლოდ ბისერებს, ეს იქნება აკრილის მარგალიტების, თუ კრისტალის სახით. სხვათა შორის, სამწუხაროდ, ადგილობრივ ბაზარზე ბისერების დიდი არჩევანი არ არის, ამიტომ, ჩემი შემოქმედებითი ფანტაზიის სრულად დასაკმაყოფილებლად, ახლო მომავალში, ვაპირებ ბისერების უცხო ქვეყნებიდან ჩამოტანას“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ნათია ბერეკაშვილმა.
ცნობისთვის, ამჟამად, Marinart-ის მიერ წარმოებული ბისერებიანი, ხელნაკეთი ჩანთები მხოლოდ ონლაინ, ბრენდის ოფიციალური სოციალური გვერდების მეშვეობით იყიდება, თუმცა, სამომავლოდ, მოთხოვნისა და გაყიდვების ზრდასთან ერთად, სარეალიზაციო ობიექტის გახსნაც განიხილება.