აზერბაიჯანის რკინიგზამ ბაქო-თბილისი-ბაქოს რეგულარული სამგზავრო მიმოსვლა განაახლა. ბაქო-თბილისის პირველი რეისი უკვე შესრულდა და მატარებელი უკვე თბილისშია.
"საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის განცხადებით, ბაქო-თბილისის მნიშვნელოვანი რეისი უკვე შესრულდა და მატარებელი მოძრაობას ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი რეისია გამომდინარე იქიდან, რომ მიმოსვლა აღდგება. ეს რეისი ყოველდღიურად შესრულდება. მოთხოვნა ძალიან მაღალია - ფაქტობრივად, რამდენიმე დღეში ძალიან დიდი რაოდენობის ბილეთები გაიყიდა. გილოცავთ, საკმაოდ წარმატებული პროექტია. ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ეს რეისი აღდგენილიყო. დღეიდან, ეს რეისი ყოველდღე იქნება, თბილისი-ბაქოს და ბაქო-თბილისის მიმართულებით", - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციის თანახმად, აღდგენილი მარშრუტი შვეიცარიული Stadler Rail Group-ის ბრენდის თანამედროვე შპალის ტიპის მატარებლებით განხორციელდება.
ბაქოდან თბილისის მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 81 მანათი, რაც 127 ლარს შეადგენს, ამასთან, აზერბაიჯანიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი ყველაზე მოკლე მარშრუტის შემთხვევაში 51 მანათი, ანუ 80 ლარი იქნება, თუმცა სრული მარშრუტის - ბაქო-თბილისის საფასური 81 მანათიდან იწყება.
ანალოგიურად, თბილისიდან ბაქოს მიმართულებით ბილეთის საფასურიც 81 მანათი იქნება.