ვფიქრობთ, Kanye West-ის კონცერტი ქვეყანაში ტურისტულ აქტივობას გაზრდის, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ს (WST) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების აქტივობა შემცირებულია და ასეთი მასშტაბური ღონისძიებები მნიშვნელოვანია და სექტორი გაზრდილი გაყიდვების მოლოდინშია.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ტიპის ღონისძიებები სხვა ნაკლებად აქტიურ თვეებშიც უნდა დაიგეგმოს ხოლმე, რათა ტურიზმის სექტორი უფრო მეტად განვითარდეს.
"ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, ტურისტული სექტორისთვის მარტი საკმაოდ ჩავარდნილი თვე იყო. რაც შეეხება აპრილსა და მაისს - ნელ-ნელა დაიწყო აქტივობა, თუმცა წინა წილის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით, 10-15%-ით შემცირდა. ჯერჯერობით არ ვართ იმ კონდიციაში, რომელშიც გვსურს, რომ საკუთარი თავი დავინახოთ. იმედი მაქვს, რომ ჰორმუზის სრუტეში აღდგება მიმოსვლა, ფრენები განახლდება და მდგომარეობა დასტაბილურდება.
ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა ბაქო-თბილისის რკინიგზის გახსნა, რაც ვფიქრობ, დამატებით ტურისტს გააჩენს ქვეყანაში. ამჟამად, ქვეყანაში გვყავს ტურისტები რუსეთიდან, თურქეთიდან, სომხეთიდან და ა.შ.", - აცხადებს გერმანე ჭელიძე.
WST-ის დამფუძნებლის თქმით, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ტურისტული ავტობუსების გაჩერების მოწყობა, რაც კომპანიის საქმიანობისთვის საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის.
ცნობისთვის, 12 ივნისს Kanye West-ი (Ye) საქართველოს ეწვევა. მუსიკალური შოუ თბილისში, „დინამო არენაზე“, პროექტ Starring Georgia-ს ფარგლებში გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა 11 მაისს დაიწყო. კონცერტის ბილეთების ფასი 270 ლარიდან იწყებოდა და 1600 ლარს აღწევდა.