საზედამხედველო პოლიტიკის გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისთვის 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს. სტრატეგიის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნების მიზანი ახალი სტრატეგიული ციკლის ფორმირების პროცესში ფინანსური სექტორისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა.
საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის, მიმდინარე და მოსალოდნელი ტენდენციების, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების, დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების და სხვა არაერთი შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026-2028 წლებისთვის შემდეგი საზედამხედველო პრიორიტეტები განსაზღვრა:
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან დაახლოება;
- საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება;
- ფინანსური ინოვაციების განვითარება, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
- ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება;
- მომავალზე ორიენტირებული ზედამხედველობის გაძლიერება და ინკლუზიურობის ზრდა.
აღსანიშნია, რომ ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო პრიორიტეტების მიმართ საფინანსო სექტორისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების, მოლოდინებისა და ზოგადად მიმდინარე გამოწვევებზე ხედვის გაზიარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი კითხვარი გამოაქვეყნა. ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ჩართულ მხარეებს არაერთი საინტერესო მოსაზრებისა და რეკომენდაციის გაზიარებისთვის. მიღებული უკუკავშირი დეტალურად იქნა გაანალიზებული და რიგი საკითხები გათვალისწინებული იქნა საზედამხედველო პრიორიტეტებისა და შესაბამისი აქტივობების ფორმირებისას. აღსანიშნავია, რომ ის საკითხები და წინადადებები, რომლებიც თავისი შინაარსით სცდებოდა საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებს, გაზიარდა ეროვნული ბანკის შესაბამის მიმართულებებთან.
ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე, ასევე, თითოეული პრიორიტეტის ფარგლებში დასახული აქტივობების რეალიზაციაზე. ამასთან, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გაგება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ დოკუმენტთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები 2026 წლის 9 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: supervisorystrategy@nbg.gov.ge
წინამდებარე განხილვის ეტაპის დასრულების შემდგომ, მიღებული უკუკავშირი კიდევ ერთხელ დეტალურად გაანალიზდება, რის საფუძველზეც დოკუმენტი საბოლოოდ ფორმირდება და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.