logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმზე დადებითად აისახება" - WST

აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა როგორც გამყვან, ისე შემომყვან ტურიზმზე დადებითად აისახება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi-ს (WST)  დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გერმანე ჭელიძე "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის აღნიშნული მიმართულება საკმაოდ მნიშვნელოვანია. 

"აზერბაიჯანი მეზობელი ქვეყანაა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პირველი მომწოდებელია ტურისტული ნაკადების. შესაბამისად, დადებითად ვაფასებ იმ ფაქტს, რომ მალე სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. 

აქამდე, მოქალაქეებს უჭირდათ აზერბაიჯანში მოგზაურობა, რადგან ავია მიმოსვლა საკმაოდ ძვირი იყო და ჩვეულებრივი მომხმარებელი ვერ იღებდა ამ სერვისს. ახლა კი, სარკინიგზო მატარებელი შედარებით იაფი იქნება და ყველასთვის მისაღები იქნება ეს ფასი", - აღნიშნა გერმანე ჭელიძემ.

ცნობისთვის, 6-წლიანი პაუზის შემდეგ, 26 მაისიდან ბაქო-თბილისის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება. აზერბაიჯანის რკინიგზის ინფორმაციის თანახმად, ბაქოდან თბილისის მიმართულებით ბილეთის მინიმალური ფასი იქნება 81 მანათი, რაც 127 ლარს შეადგენს, ამასთან, აზერბაიჯანიდან თბილისის მიმართულებით ბილეთის ფასი ყველაზე მოკლე მარშრუტის შემთხვევაში 51 მანათი, ანუ 80 ლარი იქნება, თუმცა სრული მარშრუტის - ბაქო-თბილისის საფასური 81 მანათიდან იწყება. ანალოგიურად, თბილისიდან ბაქოს მიმართულებით ბილეთის საფასურიც 81 მანათი იქნება.

ტურისტული კომპანია World Sightseeing Tbilisi მუშაობს როგორც შიდა, ისე გარე ტურებზე. 

გამოგვყევით