logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველოში გაყიდვების რაოდენობით ჩინური ავტომობილები TOP 5-ეულში შედის" - ლევან ასანიშვილი

ჩინური ავტომობილები საქართველოში გაყიდვების კუთხით 5-ეულში შედის. შეიძლება ითქვას, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებულია, -  - ამის შესახებ "სტრადა მოტორსის" გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან ასანიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე შეფასებით, გაყიდვების აქტიური ზრდა შემდეგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2030 წლიდან დასტაბილურდება. 

"საქართველოში ჩინური ავტომობილების რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება და დღესდღეობით მოწინავე რიგებშია გაყიდვების რაოდენობით. საქართველოში ავტომობილების გაყიდვების ნაწილი ოფიციალურ წარმომადგენლობებზე მოდის, ნაწილი კი - არაოფიციალურზე. ადრე თუ პრობლემა იყო ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში - დღეს ბევრია ისეთი მოდელი, რომელსაც ჰყავს, თუმცა არის ისეთები, რომლებსაც ჯერჯერობით არ ჰყავს. იმ ავტომობილებს, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა ყიდულობს, მაგრამ მათი ოფიციალური წარმომადგენლობა ქვეყანაში არ არის - სერვისის მიღებაზე პრობლემაა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს საკითხიც დაიხვეწება. 

მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველაზე დიდი წილი ჩინურ ბრენდს - BYD-ს უჭირავს, რომლებიც უკვე ოფიციალურ ცენტრში შეძლებენ სერვისის მიღებას", - აცხადებს ლევან ასანიშვილი.

მისივე ინფორმაციით, ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა მაშინაც, როცა ნავთობის ფასი სტაბილური იყო და მოთხოვნა ძირითადად გამომდინარეობს იქიდან, რომ აღნიშნულ მანქანებს დამაკმაყოფილებელი ხარისხი და დაბალი ფასი აქვთ. 

"ადრე ბრენდი და ბრენდის ისტორია გადამწყვეტ როლს თამაშობდა ადამიანის არჩევანში, თუმცა ეს ტენდენცია შეიცვალა. გარდა ამისა, ნაკლები დანახარჯია როგორც ექსპლუატაციის კუთხით, ისე საწვავის ხარჯის კუთხით. მიუხედავად ამისა, ყველა ბრენდს ჰყავს თავისი მომხმარებელი. 

ინფრასტრუქტურა ვითარდება, დამტენები ქალაქებში ემატება. მოქალაქეები უფრო ადაპტირებულები ხდებიან ელექტრო ავტომობილების კუთხით და უფრო მეტ წერტილებს ქმნიან", - აღნიშნა ლევან ასანიშვილმა.

გამოგვყევით