საქართველოში შემოსული მოზღვავებული რაოდენობის ამანათებს ინფრასტრუქტურა კვლავ ვერ ეწევა. საფოსტო და საკურიერო კომპანიებში ამბობენ, რომ საბაჟო ტერმინალების რაოდენობა ისევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება მათზე არსებულ მაღალ მოთხოვნას. თუმცა, ეტაპობრივად, რიგი კომპანიების კერძო ინვესტიციით, ქვეყანაში ახალი ტერმინალები იხსნება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Inex Group-ის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ განუცხადა, უკვე რამდენიმე თვეა, რაც მათი საბაჟო ტერმინალი ამუშავდა და კომპანიას, ამანათების გატარების კუთხით, გარკვეული შეღავათი მისცა.
„ცოტა ხნის წინ, ავამუშავეთ ჩვენივე ტერმინალი, რის შედეგადაც გარკვეული პროცესები გამარტივდა Inex Group-ის ამანათების გატარებისა და დახარისხების კუთხით, თუმცა, არასრულყოფილად იმიტომ, რომ ტვირთების ნაწილის გატარება ისევ სხვა ტერმინალში გვიწევს. ვიმედოვნებთ, ძალიან მალე, 100%-ით ყველა ამანათი ჩვენს ტერმინალში შემოვა. ზოგადად, ქვეყანაში ამანათების გატარება გამოწვევად რჩება და მოლოდინი იმისი, რომ მალე რაიმე რადიკალურად შეიცვლება, არ მაქვს. ჩვენს კომპანიას ამანათების გატარების კუთხით გარკვეული შეღავათი უკვე აქვს. ვცდილობთ, ახლა ჩვენი ტერმინალი მაქსიმალურად დავტვირთოთ და მოვემსახუროთ სხვა კომპანიებსაც“, - აღნიშნა Inex Group-ის დირექტორმა.
მისივე განმარტებით, კომპანია ამანათების სორტირების ცენტრის გახსნაზეც მუშაობს. როგორც Inex Group-ის დირექტორი ამბობს, ეს იქნება ამანათების სორტირების პირველი ცენტრი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში. ის 1 საათში რამდენიმე ათასი ამანათის დახარისხებას შეძლებს, რაც მომსახურების სერვისს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.