სამკერვალო საწარმო "ლიდერი" მამაკაცის სამოსის წარმოებას იწყებს. როგორც სამკერვალოს დამფუძნებელი ნინო გიორგაძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღნიშნული ხაზი ბაზარზე "ბატონის" ბრენდით გამოჩნდება.
მისივე ინფორმაციით, ეს იქნება კლასიკური სამოსი, რომლის მსგავსსაც საქართველოში არც ერთი სამკერვალო არ აწარმოებს.
"ახალი კოლექცია მიმდინარე წლის ზაფხულში გამოჩნდება ბაზარზე, მათ შორის, იქნება მამაკაცის ნაქსოვი მაისურები - პრემიუმ ხარისხი ძალიან ხელმისაწვდომ ფასად. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია კონკრეტულ სარეალიზაციო ობიექტებზე და ჩვენივე საწარმო-შოურუმში გაიყიდება და გარდა ამისა ვგეგმავთ ექსპორტზე გატანასაც. ნედლეული ძირითადად თურქეთიდან შემოგვაქვს. იქ გვყავს სტაბილური მომწოდებელი, რომელთანაც ვთანამშრომლობთ.

აღსანიშნავია, რომ სამკერვალო გაფართოვდა. დღეს ახალ, საკუთარ შენობაში გადმოვედით, რომელიც უფრო მეტ კომფორტსა და შესაძლებლობებს გვთავაზობს, მათ შორის შოურუმის მოწყობას. საწარმო-შოურუმი გახლავთ თბილისში, სადაც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა ადგილზე მოვიდნენ და შეიძინონ ჩვენი პროდუქცია. აღნიშნულ პროექტში დაახლოებით, 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, ახლა გვაქვს საშუალება, რომ კურსებიც შევთავაზოთ დაინტერესებულ პირებს", - აცხადებს ნინო გიორგაძე.
მანვე აღნიშნა, რომ სამკერვალო ამ ეტაპზე, ძირითადად უნიფორმებზე მუშაობს და ამ მიმართულებით, საკმაოდ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობს.