საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
სამუშაო შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები და საგამოძიებო დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები.
სამსახურის უფროსმა დეტალური ინფორმაცია მოისმინა რეგიონული სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიებზე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულის სტატისტიკისა და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ.
ლევან ხარაბაძემ ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე და თანამშრომლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კახეთის სამმართველოს ახლად გახსნილი ოფისი მოინახულა, რომელიც აღჭურვილია საგამოძიებო დანაყოფებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
გარდა ამისა, მან დაათვალიერა ქვემო ქართლის სამმართველოს ახალი ოფისის ასაშენებლად გამოყოფილი ტერიტორიაც.
ლევან ხარაბაძე ადგილზე გაეცნო სამმართველოების არსებულ ინფრასტრუქტურას, მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და თანამშრომელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საჭიროებებს.