logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"სურსათის გაიაფება და ხარისხის ზრდა, ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი" - "კერკი"

სურსათის გაიაფება და ხარისხის ზრდა, ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი, - ამის შესახებ კვების პროდუქტების საწარმო "კერკის" მმართველმა პარტნიორმა გენო გელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანია სუპერმარკეტებისა და აფთიაქების (აფთიაქებთან სნექების ნაწილში) ინტერესის შემთხვევაში, მზად არის იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქტების წარმოებაზე იმუშაოს.

"საკვები პროდუქტების ფასებზე და ხარისხზე დადებითად იმოქმედებს საქართველოში "კერძო ეტიკეტის" განვითარება, ქართული საწარმოების გაძლიერება, რაც საპარლამენტო კომისიის სწორი და გააზრებული რეკომენდაციაა ("კერძო ეტიკეტი" - როცა ქართული საწარმო პროდუქტს ამზადებს სუპერმარკეტის, ან/და აფთიაქის ბრენდით/შეფუთვით).

ამ მოდელით ძალიან ბევრი ხარჯი შემცირდება, რაც პროდუქტის გაიაფებას გამოიწვევს, ხოლო ხარისხი ბევრად გაიზრდება. ეკონომია გაკეთდება მარკეტინგის, დისტრიბუციის, ქსელების მოსაკრებლების, წარმადობის ზრდის, ანუ მასშტაბის ეკონომიის ხარჯზე. საქართველოში მოქმედ საწარმოებს ხარისხის ნაწილში სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად აკვირდებიან/ამოწმებენ, ხოლო იმპორტირებული პროდუქტების ხარისხის კონტროლი ბევრად რთულია.

ჩვენ, კვების პროდუქტების საწარმო "კერკი" მზად ვართ, ვიყოთ საპარლამენტო კომისიის რეკომენდაციის (კერძო ეტიკეტის განვითარება საქართველოში) აღმსრულებლები, მაგრამ ძალიან გვიჭირს სუპერმარკეტების და აფთიაქების მენეჯმენტთან ამ საკითხზე მოლაპარაკება. სამწუხაროდ, ქსელების დიდი ნაწილი "მარტივ" ბიზნესს ირჩევს, იმპორტს აკეთებს და "ეზარება" ქართულ წარმოებასთან თანამშრომლობა.

მიმდინარე ეტაპზე ჩვენ (კერკი) მშრალ ხილს ვაწარმოებთ, თუმცა სუპერმარკეტების და აფთიაქების (აფთიაქებთან სნექების ნაწილში) ინტერესის შემთხვევაში, მზად ვართ ვიმუშაოთ იმპორტის ჩამნაცვლებელი პროდუქტების წარმოებაზე, რომლის მთავარი ნედლეულია: ხილი, ფქვილი, თხილეული. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის ყველასთან (შპს "კერკი" სუპერმარკეტის, სასტუმროს, ან/და აფთიაქის ბრენდით დაამზადებს პროდუქტებს).

საქართველოში ადგილობრივი საწარმოების განვითარების ხელშეწყობა მხოლოდ "მთავრობის ვალდებულება" არ გახლავთ. ეს ყველას საქმე და მიზანი უნდა გახდეს", - აცხადებს გენო გელაძე.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ ბიზნესთან კომუნიკაციის შემდეგ დასკვნა გამოაქვეყნა.

 

გამოგვყევით