მთავრობამ ინვესტიციების სააგენტოს დებულება დაამტკიცა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა. დოკუმენტი 18 მაისით თარიღდება. სააგენტოს დაფინანსება ოთხი წყაროდან იქნება შესაძლებელი. მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტით, გრანტებით, შემოწირულობებითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით. ახალ სააგენტოს ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერა დაევალება.
დოკუმენტის თანახმად განსაზღვრულია სააგენტოს ფუნქციები. რაც მოიცავს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ შემდეგ ფუნქციებს:
ა) შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებასა და უფლებამოსილი ორგანოსთვის შეთავაზებას; საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას შესაძლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირებაში;
ბ) აფასებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ წარდგენილი პროექტის კონცეფციას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
გ) უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის შემთხვევაში მას უწევს დახმარებას საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის, მათ შორის, შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადებაში;
დ) საჭიროების შემთხვევაში მცირე პროექტთან დაკავშირებით ახორციელებს „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;
ე) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე კონსულტანტის შერჩევას, დაქირავებასა და ზედამხედველობას;
ვ) ახდენს შესაბამის ქმედებათა უფლებამოსილ ორგანოსთან კოორდინირებას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის განხორციელების მონიტორინგთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვას;
ზ) ინსტიტუციური პოტენციალის განვითარების მიზნით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სფეროში უფლებამოსილი ორგანოს ცოდნის ამაღლების ხელშეწყობისათვის ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;
თ) ქმნის და მართავს მიმდინარე და დასრულებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მონაცემთა ბაზას;
ი) შეიმუშავებს სტანდარტული დოკუმენტების ფორმებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულების სტანდარტულ მუხლებს;
კ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელებაში;
ლ) წარმომადგენლის მეშვეობით უზრუნველყოფს მონაწილეობის მიღებას უფლებამოსილი ორგანოს მიერ შექმნილი შესარჩევი კომისიის მუშაობაში;
მ) საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში შესატან ცვლილებებს და წარუდგენს უფლებამოსილ ორგანოებს განსახილველად;
ნ)კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების შემუშავებას, მათ შორის, პროექტის იდენტიფიცირებისა და მომზადების, კერძო პარტნიორის შერჩევის, პროექტის განხორციელების, მონიტორინგისა და შემდგომი შეფასების ეფექტიანობის ხელშესაწყობად.
დოკუმენტის თანახმად, სააგენტო ინვესტიციებისა და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებს, რომლებიც ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებას, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და შესაბამისი პროცესების კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში.