logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"არც ერთ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ნავთობს, არ სურს, ის მიზერულ ფასში გაყიდოს" - რატი მესხიშვილი

დაიშლება თუ არა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია? - ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC (ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია)  ოფიციალურად დატოვა და მისი ფუნდამენტი შეარყია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ შპს „მატიოს“ დირექტორმა რატი მესხიშვილმა  განუცხადა, ამ ეტაპზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ OPEC სრულად დაიშლება, თუმცა ის მნიშვნელოვნად შესუსტდება.

„OPEC-ის დასუსტების პროცესი უკვე დაწყებულია. მას შემდეგ, რაც 1-ელი მაისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროები აღნიშნულ ორგანიზაციას გამოეყო, უფრო მეტმა ქვეყანამ შეიძლება გადაწყვიტოს ის, რომ ნაკლებად დაემორჩილოს OPEC-ს და ბევრად მეტი ნავთობი აწარმოოს, ვიდრე OPEC-ის კვოტებით არის გათვალისწინებული. თუმცა, ვვარაუდობ, რომ ამ ორგანიზაციის ლიდერი სახელმწიფო - საუდის არაბეთი ყველანაირ ძალას გამოიყენებს, რომ არ დაიშალოს OPEC, რათა მან თავისი ძალაუფლება და გავლენა შეინარჩუნოს“, - აღნიშნა რატი მესხიშვილმა.

მისივე განმარტებით, მოკლევადიან პერიოდში არ არის მოსალოდნელი, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია სრულად გაუქმდეს, თუმცა, თუ ასე მოხდება, ეს გამოიწვევს ბაზარზე ნავთობის წარმოებისა და მიწოდების ზრდას, ეს კი თავის მხრივ ნავთობპროდუქტებს გააიაფებს.

„თუმცა, აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არც ერთ ქვეყანას, რომელიც აწარმოებს ნავთობს, არ სურს, ის მიზერულ ფასში გაყიდოს. ამიტომ, OPEC-ის დაშლის შემთხვევაშიც კი, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნები თავადვე დააწესებენ რაღაც შეზღუდვებს, რათა წაგებაში არ წავიდნენ და ნავთობის რეალიზაცია სასურველ ფასად მოახდინონ“, - განმარტა შპს „მატიოს“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, OPEC-ის არსი ყოველთვის ფასების ხელოვნურად, მაღალ ნიშნულზე შენარჩუნებისთვის, წარმოების კოორდინირებულ შეზღუდვაში მდგომარეობდა, თუმცა დღეს ეს მექანიზმი, ამ ორგანიზაციაში შემავალი მრავალი ქვეყნისთვის, განვითარების შემაფერხებელი ბარიერია.

გამოგვყევით