პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა.
საკითხი სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
მომხსენებლის თქმით, კანონპროექტის მიღების შედეგად, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარში 37 074 ჰა ფართობს ეროვნული პარკის სტატუსი მიენიჭება და ახალი დაცული ტერიტორია - ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნება.
მომხსენებლის თქმით, აღნიშნული ტერიტორიისთვის ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი იქნება როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების, ასევე ბიომრავალფეროვნების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მოთხოვნების განხორციელების თვალსაზრისით.
„ეროვნული პარკის სტატუსის მინიჭება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე დაცვის სპეციალური ღონისძიებების გატარებას, ადმინისტრაციის ჩამოყალიბებას, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას, ეკოსისტემების აღდგენას. აღნიშნული ასევე ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას ამ არეალში“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.
კანონპროექტის ძალაში შესვლა 2027 წლის პირველი იანვრიდან არის გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ პროექტი საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებულ კვლევას ეფუძნება, რომლის ღირებულებამ 64 ათასი ევრო შეადგინა.
პარკის ადმინისტრაცია 22 თანამშრომლისგან დაკომპლექტდება. კანონპროექტი ძალაში 2027 წლიდან შევა, გათვალისწინებულია საბიუჯეტო ხარჯებიც. კერძოდ, 2027-2030 წლებში პარკის ფუნქციონირებისთვის ჯამში დაახლოებით 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. 2027 წელს კი, გათვალისწინებულია 600 ათას ლარზე მეტი, საიდანაც ნაწილი ინფრასტრუქტურასა და ტექნიკურ აღჭურვაზე, მათ შორის სპეციალური ავტომობილის შესაძენად დაიხარჯება. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ პარკის შექმნა ეკონომიკურ სარგებელსაც მოიტანს, გაიზრდება ტურისტული ნაკადები და ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები.