logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, ელექტრო ავტომობილების - გაიზარდა"

„პირველი აპრილის შემდგომ, რაც განბაჟების ახალი ტარიფები შევიდა ძალაში, 2020 წლამდე შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების შესყიდვები საგრძნობლად შემცირდა, ელექტრო ავტომობილების კი პირიქით - გაიზარდა“, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  Caucasus Auto-ს გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, საავტომობილო ბიზნესს სეზონურობა ახასიათებს, ამიტომ, მხოლოდ ერთ თვეზე დაკვირვებით, დასკვნების გამოტანა არ იქნება სწორი.

„წლის მეორე კვარტალის დასაწყისი, საავტომობილო ბიზნესში, მაღალი ტემპებით არასდროს გამოირჩეოდა ხოლმე… აპრილი მანქანების გაყიდვების კუთხით, ყოველთვის პასიური თვე იყო, ამას თან დაერთო კანონის ცვლილებაც, რამაც შედარებით რადიკალური სურათი მოგვცა. თუმცა, უნდა დაველოდოთ მეორე კვარტალის დასრულებას, სრული სურათი რომ დავინახოთ“, - აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ.

მისივე თქმით, მანქანებზე განბაჟების ახალი ტარიფის ამოქმედებამდე, ანუ 1-ელ აპრილამდე, როგორც დილერებმა, ისე მოქალაქეებმა, მოასწრეს და თებერვალ-მარტის თვეებში შეიძინეს სასურველი, 2020 წლამდე ასაკის მანქანები.

„გაყიდვები თებერვალი - მარტის თვეებში, ფაქტობრივად, 30-40%-ით გაიზარდა. დღეს კი, ბაზარი დაბნეულია. მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება და ახლა, გადაწყობა სჭირდება ამ ინდუსტრიას", - განმარტა Caucasus Auto-ს გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი აპრილიდან აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის, ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე, 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 1 სმ3-ზე 4.5 ლარის ოდენობით.

გამოგვყევით