"გრინ ენერჯი ჰოლდინგი" ქუთაისთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე 43 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. პროექტი, რომელიც 7 ერთეული ქარის ტურბინის განთავსებას გულისხმობს, ამ დროისთვის კვლევის ეტაპზეა.
როგორც ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" და "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" მმართველმა დირექტორმა "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას განმარტა, პროექტთან დაკავშირებული დეტალური პარამეტრები ივლისის ბოლომდე დაზუსტდება.
"ქარის ენერგეტიკა არასტაბილურობით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, მასზე სრულად აქცენტის გაკეთება არ გამოვა. ამიტომაა სწორედ საჭირო მარეგულირებელი სადგურების მშენებლობა, ჰიდროენერგეტიკის განვითარება, რომ შესაძლებელი გახდეს ქარის არასტაბილური ენერგიის დაერთება განხორციელდეს ქსელზე,"-აღნიშნა გიორგი შუკაკიძემ.
"ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" და "გრინ ენერჯი ჰოლდინგის" პორტფელში საერთო ჯამში 100 მეგავატი სიმძლავრის პროექტებია. მათი ნაწილი სამშენებლო ფაზაზეა, ნაწილი კი უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
ჰოლდინგის მიერ დაგეგმილი პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მლნ დოლარის ფარგლებშია.