"საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2025 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2024 წელთან შედარებით უცვლელი დარჩა და 13.9 პროცენტი შეადგინა.
2025 წელს სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წელთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 54.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 46.9 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში უცვლელი დარჩა.
დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და შესაბამისად 47.3 პროცენტსა და 46.3 პროცენტს შეადგენს.
2025 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 69.3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.8 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წელთან შედარებით.
2025 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
წინა წელთან შედარებით 2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირდა რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ასევე ქვემო ქართლის და გურიის რეგიონებში, შესაბამისად 3.1, 2.9 და 2.0 პროცენტული პუნქტით.
უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო კაცებში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. 2025 წელს აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 44.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.3 პროცენტს შეადგენდა. წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო კაცებში 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
2025 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (39.0 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალი - 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში (3.5 პროცენტი), რის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.