ჯერჯერობით აქტიური სეზონი არ არის დაწყებული, თუმცა თუ მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ - კომპანიის გაყიდვები დაახლოებით, 10%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ "გურჯაანის ნაყინის" წარმომადგენელმა ლელა ბერიკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ცივი გაზაფხულია და უამინდობის გამო ნაყინზე მოთხოვნა ყოველთვის შედარებით დაბალია.
"ზამთრის სეზონზე მოთხოვნა იმდენად დაბალია, რომ აქტიურ წარმოებას ფაქტობრივად, აზრი არ აქვს. შესაბამისად, პროდუქციის სეზონურობის აღმოფხვრა სანაყინეების გახსნით ან მეტი წარმოებით შეუძლებელია. მარაგები დიდ სუპერმარკეტებში რჩება ხოლმე და მოთხოვნა მინიმალურია.
ყველა ქსელურ მარკეტში არ ვართ წარმოდგენილი, თუმცა შარშან "კარფურში" შევედით. ასევე, ვართ "ფრესკოს" "გუდვილისა" და "უნივერსამის" ქსელში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი, რომ ბევრ ქსელურ მარკეტი ვიყოთ წარმოდგენილი, მაგრამ მათ ისეთი პირობები აქვთ, რომ გაგვიჭირდება ეს პირობები დავაკმაყოფილოთ იმდენად მაღალი ქეშბექებია", - აცხადებს ლელა ბერიკაშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, "გურჯაანის ნაყინის" პროდუქციის ფასები არ შეცვლილა და იგივე დარჩა.
ცნობისთვის, „გურჯაანის ნაყინს“ შპს „აისი“ მართავს. კომპანია ბაზარზე 1971 წლიდანაა. საწარმო გურჯაანში მდებარეობს.