logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"შავი ზღვის წყალქვეშა ტურებზე მოთხოვნა კვლავ დაბალია, თუმცა განვითარების შესაძლებლობა არსებობს" - ზურა გათენაძე

დაივინგ ტურის მყვინთავის ზურა გათენაძის განცხადებით, შავი ზღვის წყალქვეშა ტურებზე მოთხოვნა კვლავ დაბალია. როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, დაივინგის განვითარება შესაძლებელია, თუ წყალქვეშა ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განვითარდება და აღნიშნულს შესაბამისი ყურადღება მიექცევა.

მისივე ინფორმაციით, მიუხედავად დაბალი მოთხოვნისა ბიზნესი მუშაობას აგრძელებს. 

"წელს საზღვაო სეზონი ცოტა გვიან დაიწყო, რადგან არ იყო შესაბამისი ამინდები. ჩვენ რამდენიმე წელია უკვე ვართ წარმოდგენილი ციხისძირის და ბათუმის სანაპიროზე და მსურველებს წყალქვეშა ტურებს ვთავაზობთ, თუმცა დაინტერესება არ არის. არც კონკურენციაა ამ მიმართულებით. წინა ზაფხულშიც ძალიან მცირე რაოდენობის მომხმარებელი გვყავდა. ვერ გეტყვით რა რის ასეთი დაინტერესების მიზეზი, თუმცა ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ იმ იმედით, რომ მოთხოვნა გაიზრდება.

შავი ზღვა სანახაობრივად არ არის ისეთი, რომ მომხმარებელი გაოცებული დარჩეს, თუმცა ერთხელ სანახავად ღირს და ვინც კი გამოცადა დაივინგ ტური ყველა მაინც აღფრთოვანებული იყო, რადგან ნამდვილად ძალიან ლამაზია წყალქვეშა სამყარო და ზოგადად, დაივინგი ძალიან საინტერესო და ექსტრემალური ატრაქციაა, რომლის განვითარება შესაძლებელია, თუმცა დიდ ხარჯებთან ასოცირდება. 

დაივინგ ტურის ღირებულება ერთ ადამიანზე 250 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე, წარმოდგენილები ვართ როგორც ბათუმის, ისე პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე მომხმარებლები გონიოსა და სარფშიც მიგვყავს. ჩაყვინთვამდე მომხმარებლებს ინსტრუქციას ვაძლევთ და ამის შემდეგ იწყება ტური. წყალქვეშ დაახლოებით, 35-40 წუთი გრძელდება მოგზაურობა", - აცხადებს ზურა გათენაძე.

ცნობისთვის, დაივინგ ტურმა შავი ზღვის სანაპიროზე ფუნქციონირება 2024 წელს დაიწყო და ჯამში 5 ადამიანის მომსახურება შეუძლია.

გამოგვყევით