logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბიზნესსექტორს დაბალ პოზიციებზე კადრების მოძიება უჭირს - "ბაზარზე დიასახლისების დეფიციტია"

ამ მომენტისთვის, ჩვენს პორტალზე რეგისტრირებული იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სამუშაოს ეძებენ 150 ათას აჭარბებს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ დასაქმების პორტალ hr.ge-ის ვებგანყოფილების გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მიუხედავად დასაქმების მსურველთა ასეთი მაღალი მონაცემისა, არის რიგი პოზიციები, სადაც კომპანიებს კადრების მოძიება ძალიან უჭირთ.

„დღეს, ძალიან რთული გახდა ბიზნესსექტორისთვის დაბალ პოზიციებზე კადრების პოვნა. ამ კუთხით დიდი  დეფიციტია - დიასახლისების, დამლაგებლების, ბარმენებისა და მიმტანების პოზიციაზე. აქედან გამომდინარე, იმ  კომპანიებს, რომლებიც სტუმარმასპინძლობის სექტორში საქმიანობენ ბევრჯერ უწევთ აღნიშნული ვაკანსიების გამოცხადება. მეტიც, ამ პოზიციებზე კადრების ასაყვანად ბიზნესს, წელს, ანაზღაურებების მატებაც მოუხდა. დაახლოებით, 20%-ის ფარგლებში მოხდა ხელფასების გაზრდა“, - აღნიშნა ინგა შახბაზიანმა.

შრომის ბაზრის ექსპერტების შეფასებით, ძალიან რთულად მოსაძიებელი კადრი გახდა საოფისე საქმიანობის პროფესიონალიც - უმეტესად, საუბარია ოფის-მენეჯერებზე, რაც ნაკლებად პოპულარულ საქმიანობად მიიჩნევა.

ცნობისთვის, ამჟამად, ქვეყანაში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს აღემატება. "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 363 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო სფეროში ფიქსირდება. 

გამოგვყევით